სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,8 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტი და განათლება.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1,9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა სექტემბრის ინფლაციაში 0,54 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (10,7 პროცენტი); ბოსტნეული, ბაღჩეული, კარტოფილი და სხვა ბოლქვოვანები (5,9 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (5,9 პროცენტი).
ტრანსპორტი: ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტზე (5,2 პროცენტი) და საწვავ-საპოხ მასალებზე (2,4
პროცენტი).
განათლება: ფასები შემცირდა 1,7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა სექტემბრის თვის ინფლაციაში -0,15 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა უმაღლესი განათლების ქვეჯგუფზე (3,1 პროცენტი).