2012 წლის სექტემბერში, 2011 წლის სექტემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0,1 პროცენტი შეადგინა. 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტი და სასტუმრო, კაფე და რესტორანი.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 2,0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,33 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი და სხვა ტკბილეული (9,6 პროცენტი); პური და პურპროდუქტები (7,2 პროცენტი); ზეთი და ცხიმი (4,9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა თევზეულზე (4,9 პროცენტი).
ტრანსპორტი: ფასები გაიზარდა 2,3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,31 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტზე (22,1 პროცენტი).
სასტუმრო, კაფე და რესტორანი: ფასები გაიზარდა 3,7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,16 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა რესტორნებისა და კაფეების ქვეჯგუფზე (6,6 პროცენტი).