ტექტონიკური ძვრები ამომრჩევლის სიმპათიებში საქართველოს ციხეებში მომხდარმა სკანდალმა განაპირობა, - აცხადებს "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი, კახა ბენდუქიძე "ლენტა.რუ"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, არჩევნების შედეგები არ მოსწონს, თუმცა ეს რეფორმების ნათელი შედეგია.
"რაც მოხდა, მოხდა. პრინციპში, ძლიერი ტექტონიკური ძვრები უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მოხდა. სასწორის თეფშები გადაიხარა. აქამდე ოპოზიციის შანსები გაცილებით მცირე იყო, ჩემი პროგნოზით 100/40-თან "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ", - განაცხადა ბენდუქიძემ.
რეფორმებზე საუბრისას ბენდუქიზე აღნიშნავს, არჩევნების შედეგები, სწორედ რეფორმების ნათელი შედეგია. მისი თქმით, გაიზარდა თაობა, რომელსაც ადამიანის უფლებების საკითხი აწუხებს.
"ჩემი და თქვენი თაობის ადამიანებს არ უკვირთ, როდესაც პატიმრებზე ძალადობის შესახებ ესმით. რუსეთის ან სხვა მეზობელი ქვეყნების ქუჩებშიც არავინ გამოდის, ისევე, როგორც არ გამოვიდნენ მაგნიტსკის სიკვდილისას. ბევრი, ვინც მზად იყო ხმა სააკაშვილის პარტიისთვის მიეცა, არჩევნებზე არ წავიდა. პირიქით, არჩევნებში მონაწილეობა სკანდალით აღშფოთებულმა მოქალაქეებმა მიიღეს. ხმის მიცემისას 20 წუთის განმავლობაში რიგში ვიდექი, რაც აქამდე არ ყოფილა", - აღნიშნა ბენდუქიძემ.