მე ქვეყნიდან არსად წასვლას არ ვაპირებ, არც მათ შორის სასწავლებლად, ამის შესახებ განცხადებას მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე აკეთებს.
ხუროშვილის განცხადებით, ის გავაგრძელებს ქვეყნის სამსახურში ყოფნას და ხალხისა და პრინციპების ერთგულებას.
"მეც მინდა ჩემი პატივისცემა დავადასტურო იმ არჩევანის მიმართ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ გააკეთა, მიუხედავად იმისა იყო ეს არჩევანი ინფორმირებული, ემოციური თუ ძალიან კონკრეტული მიზეზებით განპირობებული.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური თუ ემოციური ზეწოლის პირობებში არ უღალატა საკუთარ პრინციპს და მხარი დაუჭირა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, და თამამად თქვა:- არა ძალადობას, არა წამებას, არა ქვეყნის უკუსვლას და მათ შორის არა საკუთარი რწმენისა და პრინციპების უარყოფას!
მინდა ასევე მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემი გუნდის წევრს,თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელიც ამ 9 წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას, და რომ არა ისინი ჩვენ ვერ ავაშენებდით თანამედროვე ევროპული სტანდარტების მქონე სახელმწიფოს, სადაც გასაკეთებელი ჯერ კიდევ მართლაც ბევრია, მაგრამ საზოგადოებას უკვე სხვა მოთხოვნები გააჩნია, ისეთი, როგორიც ექნებოდა ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფოს მოქალაქეებს: უფრო მეტი თავისუფლება, უფრო მეტი დემოკრატია და უფრო მეტი განვითარება!
მანვე მადლობა გადაუხადა ასევე მასმედიის წარმომადგენლებს და პოლიტიკურ ოპონენტებს. " მადლობა მინდა გადავუხადო მასმედიის ყველა საშუალებას, ყველა ჟურნალისტს, რომელიც შესაძლებლობას მაძლევდა ,თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, ურთიერთობა მქონოდა ჩემს ხალხთან და მიმეწოდებინა სწორედ ის ინფორმაცია, რომელიც სასარგებლო იქნებოდა მათთვის და ადამიანებს მოუგვარებდა ცალკეულ პრობლემებს.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ ვინც არ სცდებოდნენ ზნეობისა და ეთიკის დადგენილ ზღვარს და არგუმენტირებული დებატების შედეგად ხშირად პასუხს ვცემდით იმ კითხვებს, რომელიც ხალხს აინტერესებდა. პოლიტიკური ეთიკა საზოგადოების დაკვეთაა",- აცხადებს გია ხუროშვილი.