ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენით გაზის მიწოდება შეწყვეტილია, რაც გაზსადენზე მომხდარ ავარიას უკავშირდება. აფეთქება თურქეთში პროვინცია ყარში მოხდა. მიუხედავად ამ ფაქტისა, "შაჰ-დენიზის" პლტფორმაზე მუშაობა არ შეწყვეტილა და აზერბაიჯანიდან საქართველოში გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირება ჩვეულ რეჟიმში ხდება.
საქართველოს გაზისა და ნაბთობის კორპორაციაში "ჯი-ეიჩ-ენს" განუმარტეს, რომ აზერბაიჯანიდან საქართველოს გაზი ჩვეულებრივად მოეწოდება და საქართველოს აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების მხრივ შეფერხება არ შეექმნება.
აფეთქების მიზეზები ამ დროისათვის უცნობია, უცნობია ასევე თუ როდის აღდგება აზერბაიჯანიდან თურქეთში გაზის ტრანსპორტირება.
აზერბაიჯანული და რუსული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა შახ-დენიზის საბადოდან თურქეთში გაზის ტრანსპორტირება დროებით შეაჩერა.
BP-Azerbaijan-ში განმარტავენ, რომ ღამით, შაჰ-დენიზის საბადოდან, თურქეთის მიმართულებით გაზის მიწოდების შეწყვეტა, თურქული კომპანია Botas-ის მოთხოვნით მოხდა. შედეგად, შახ-დენიზის გაზის სამხრეთ კავკასიური მაგისტრალით შეჩერებულია.