საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველის აპარატი ეხმიანება 2 ოქტომბერს გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ სტატიას - "ამოიცანით ჯალათები". სტატიის თანახმად, მასში მოცემულია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომუშავე პირთა სია სახელის, გვარის, დაბადების წელის, საცხოვრებელი ადგილებისა და მისამართების მითითებით.
"აშაკარაა საზოგადოების მაღალი ინტერესი ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში ასახულ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებისადმი. თუმცა სტატიაში გამჟღავნებულია ისეთი ტიპის პერსონალური მონაცემები, რომლებიც იძლევა პირთა იდენტიფიცირების საშუალებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სტატიაში ჩამოთვლილი პირების და მათი ოჯახების წევრების მიმართ აგრესია და მათი უფლებების დარღვევა", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დანაშაულში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება წარმოადგენს სამართალდამცავ ორგანოთა პრეროგატივას. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კიდევ ერთხელ მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, გაატარონ სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თითოეულ ფაქტზე, ამავდროულად მოუწოდებს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უდანაშაულო მოქალაქეებს.