"ქართული ოცნების" მიზანია, გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნების შედეგები საოლქო საარჩევნო კომისიებში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გაიმარჯვა", - ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონებში გამოვლენილია ფაქტები, როდესაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ზეწოლას ახდენდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებზე, რათა მათ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღონ.
"ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო კორპუსმა, რომელიც აკვირდებოდა არჩევნებს, დაადასტურა, რომ საქართველოში ჩატარდა ყველაზე ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მცდელობები, რომელიც მიმართულია კონკრეტულ ოლქებში სიტუაციის დაძაბვისკენ, კონკრეტული კომისიის წევრების დაშინებისკენ, მათი მხრიდან მიზნად ისახავს მთელი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას, რათა მათ ხელი შეუშალონ ხალხის მიერ გამოხატული ნების დადასტურებას საოლქო საარჩევნო კომისიებში. ამაზე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებმა მკაფიო განცხადებები გააკეთეს, თუმცა ამას, სამწუხაროდ, შედეგები არ მოჰყოლია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ჩიორა თაქთაქიშვილმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი განმარტავს, რომ საარჩევნო კომისეიბში კომისიის წევრების დაშინების ფაქტებს ადგილი ჰქონდა თეთრიწყაროში, ამბროლაურში, თერჯოლაში.
"ცოტა ხნის წინ იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადება, სადაც მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტებზე, როდესაც ხდება "ქართული ოცნების" მხრიდან საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებზე ზეწოლა, იმისთვის, რომ მათ მიიღონ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. ეს ეხება იმ ოლქებს, სადაც "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. ყურადღებას გავამახვილებ თეთრიწყაროს შემთხვევაზე, რომელიც წუხელ დაფიქსირდა. თავდაპირველად უბნებიდან ოქმების საოლქო საარჩევნო კომისიაში მიტანას უქმნიდნენ პრობლემას, ანუ არ აძლევდნენ შესაძლებლობას კომისიის წევრებს, რომ უბნებიდან გამოეტანათ შედეგები და მიეტანათ საოლქო საარჩევნო კომისიამდე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჩარევის შედეგად საბოლოოდ ამ ოქმების გადატანა მოხერხდა, მაგრამ როდესაც საარჩევნო კომისიაში ერთ-ერთმა წევრმა შეცვალა თავდაპირველი გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ არის ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და იძულებულია მიიღოს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა იმას, რომ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გაუქმდეს არჩევნების შედეგები, სადაც გამარჯვებული იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საშიში ტენდენცია არის ის, რომ ზეწოლა მოხდა კონკრეტულ ადამიანზე, საარჩევო კომისიის წარმომადგენელზე", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას თაქთქიშვილმა.
მისი ინფორმაციით, იყო ასეთი მუქარებიც: "უკვე ჩვენია სამართალდამცავი ორგანოებიც" და სასამართლოც და ეს ხდება მხოლოდ იქ, სადაც იმარჯვებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი.
თაქთაქიშვილმა განაცხადა ისიც, რომ ანალოგიური სიტუაცია ფიქსირდება ლაგოდეხშიც, სადაც "ქართული ოცნების" 200 აქტივისტის მობილიზება შეინიშნება. ეს კი, თავის მხრივ, მიზნად ისახავს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დაშინებას.