„ქართული ოცნებიდან" ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ზვიადაური, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, აცხადებს, რომ ახალი პარლამენტის მუშაობის დაწყებისთანავე, ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიებას მოითხოვს.
„ყველას მოეთხოვება პასუხი იმაზე, რაც ლოპოტის ხეობაში მოხდა. ეს საქმე აუცილებლად იქნება გამოძიებული. ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას კონკრეტულად ვინც ხელმძღვანელობდა და უკანონოდ გასცემდა ბრძანებებს, მათ სახელს და გვარებს გამოძიება დაადგენს. ამ ეტაპზე, როგორც ჩვენთვის ცნობილია სპეცოპერაციას შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა. ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც უკანონო ბრძანება გასცა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე. ახმეტის რაიონში ძალიან ბევრი უკანონობა ხდებოდა და ამის უკან დგანან ძმები გია და დავით ლორთქიფანიძეები. ერთი შს მინისტრის მოადგილეა, ხოლო მეორე კახეთში კუდ-ის უფროსის მოადგილე. თუნდაც ხე-ტყეს რომ ანადგურებდნენ ახმეტაში უკანონოდ წლების განმავლობაში და ამას უშუალოდ ძმები ლორთქიფანიძეები ხელმძღვანელობდნენ. ყველა აგებს პასუხს", - განუცხადა ზვიადაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
შეგახსენებთ, ლაფანყურთან ახლოს, ლოპოტის ხეობაში საქართველოს შსს-მ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნება, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. შსს-ს 29 აგვისტოს ინფორმაციით, ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი. შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა 29 აგვისტოს თელავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 11 დივერსანტი ლიკვიდირებულია, 6 კი - ალყაშია. შსს-მ 3 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 11 ლიკვიდირებულიდან 7-ის იდენტიფიცირება მოხდა, მათგან ორი, 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვი საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენი 5 კი რუსეთის. გარდაცვლილთა ოჯახებს რამდენიმე დღის განმავლობაში ცხედრებს არ აძლევდნენ. საბოლოოდ, ასლან მარგოშვილი, ბაჰაუდინ ალდამოვი და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი პანკისის ხეობაში სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 1 ადამიანი, ახმედ ჩატაევი, დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი ევროპაში.