"საქართველომ ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს და გაიგოს თავისი ადგილი, საქართველო ვერ იქნება დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშე, რასაც ცდილობდა სააკაშვილი", - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ჩვენ უნდა დავრჩეთ რეგიონალურ მოთამაშედ და რეგიონში უნდა განვსაზღვროთ რეგიონული პოლიტიკა, აქტიური როლი ვითამაშოთ.
"სტრატეგიული პარტნიორი პატარა ქვეყანას, როგორიც ჩვენ ვართ, ალბათ, რთული იქნება, რომ ჰყავდეს რამდენიმე, თუმცაღა ჩვენი სწორი ქმედებით, სწორი პოლიტიკით ჩვენ უნდა ვიყოთ მისაღები ყველა მეზობლისთვის და მათ რიცხვში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის - ამერიკის შეერთებული შტატებისთვის", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა:
"სწორ, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული ქვეყნის მშენებლობა უნდა დავიწყოთ. უნდა მოვახერხოთ და ჩვენი ეკონომიკა ავაღორძინოთ. ღირსება უნდა დავუბრუნოთ თითოეულ ოჯახს და უფრო გაგვიიოლდება გარესამყაროსთან ურთიერთობა".