საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2012 წლის მეორე კვარტალის ბოლოს -14.5 მლრდ აშშ დოლარი (-23.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს -1.8 მლრდ აშშ დოლარით (-3.0 მლრდ ლარით) აჭარბებს. ხოლო გასული პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს კი -473.4 მლნ აშშ დოლარით (-772.9 მლნ ლარით).
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ოპერაციული და ფასის ცვლილება უარყოფითი იყო, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილება დადებითი. 2012 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მთლიანი საერთაშორისო აქტივები 5.0 მლრდ აშშ დოლარია (8.3 მლრდ ლარი). მათში 55.1 პროცენტი სარეზერვო აქტივებს უკავია; 20.2 პროცენტი - პირდაპირი ინვესტიციებს; 14.6 პროცენტი ნაღდი ფულის და დეპოზიტების წილად მოდის; 7.1 პროცენტს სავაჭრო კრედიტები შეადგენს; 1.8 პროცენტს - სესხები; ხოლო 0.9 პროცენტს პორტფელის ინვესტიციები და ფინანსური წარმოებულები. სარეზერვო აქტივები, 2011 წლის 30 ივნისთან შედარებით, 21.2 მლნ აშშ დოლარით (35.1 მლნ ლარით) გაიზარდა და 2012 წლის 30 ივნისის ბოლოს 2.8 მლრდ აშშ დოლარს (4.6 მლრდ ლარს) შეადგენს. აქედან 130.0 მლნ აშშ დოლარი (214.9 მლნ ლარი) ოპერაციული ცვლილება იყო, -109.3 მლნ აშშ დოლარი (-180.6 მლნ ლარი) - საკურსო. სარეზერვო აქტივების ასეთი მოკრძალებული ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ეროვნულმა ბანკმა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტის გადახდები.
რაც შეეხება ვალდებულებებს, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის, მთლიანმა ვალდებულებებმა 19.6 მლრდ აშშ დოლარი (32.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.2 მლრდ აშშ დოლარით (3.7 მლრდ ლარით) აღემატება. პირდაპირი ინვესტორებისადმი ვალდებულებები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.4 პროცენტით გაიზარდა და 10.1 მლრდ აშშ დოლარს (16.6 მლრდ ლარს) გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30.2 პროცენტით გაიზარდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარს (2.7 მლრდ ლარს) გაუტოლდა. აქედან, 615.2 მლნ აშშ დოლარი (1.0 მილიარდ ლარი) სამთავრობო ევრობონდებია, 287.8 მლნ აშშ დოლარი (473.4 მლნ ლარი) საქართველოს რკინიგზის ობლიგაციები, ხოლო 247.6 მლნ აშშ დოლარი (407.3 მლნ ლარი) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები. აქ ასევე შედის სახაზინო ვალდებულებები და სახელმწიფო ობლიგაციები, რომელიც არარეზიდენტებმა შეიძინეს, სულ - 96.3 მლნ აშშ დოლარი (158.4 მლნ ლარი).
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სხვა ინვესტიციები, საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, 8.9 პროცენტით გაიზარდა და 7.8 მლრდ აშშ დოლარი (12.8 მლრდ ლარი) შეადგინა. მასში 6.2 მლრდ აშშ დოლარი (10.3 მლრდ ლარი) სესხებს უჭირავს. ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები 2012 წლის ივნისის ბოლოსთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.8 პროცენტით შემცირდა და 487.5 მლნ აშშ დოლარი (802.0 მლნ ლარი) შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 5.5 პროცენტით გაიზარდა გრძელვადიანი ვალდებულებების ზრდის ხარჯზე. საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 4.5 პროცენტით არის გაზრდილი და 2012 წლის ივნისის ბოლოს 1.1 მლრდ აშშ დოლარს (1.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამასთან, გრძელვადიანი ვალი 2.3 პროცენტით, ხოლო მოკლევადიანი ვალი 13.8 პროცენტით გაიზარდა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით, 50.7 პროცენტით გაიზარდა და 657.7 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა.
2012 წლის ივნისის ბოლოსთვის, ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 218.5 მლნ აშშ დოლარი (359.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს.