2012 წლის II კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 573.3 მლნ აშშ დოლარი (936.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32.5 პროცენტით მეტია.
წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 41.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო იმპორტი 363.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი გაიზარდა და 1040.9 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 44.8 პროცენტით მეტია 2011 წლის II კვარტალთან შედარებით.
2012 წლის II კვარტალში მომსახურების ბალანსი დადებითია და 223.4 მლნ აშშ დოლარს (364.7 მლნ ლარს) შეადგენს. აქედან, მომსახურების ექსპორტი 596.1 მლნ აშშ დოლარია (973.1 მლნ ლარი), რაც 26.8 პროცენტით მეტია 2011 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, ხოლო მომსახურების იმპორტი - 372.7 მლნ აშშ დოლარი (608.5 მლნ ლარი) - 13.5 პროცენტით მეტი წინა წლის II კვარტალთან შედარებით.
მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება გამოირჩევა (270.4 მლნ აშშ დოლარი ანუ 441.1 მლნ ლარი), რომელიც 2012 წლის II კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62.3 პროცენტით გაიზარდა.
შემოსავლის ბალანსმა 2012 წლის II კვარტალში -37.3 მლნ აშშ დოლარი (-60.9 მლნ ლარი) შეადგინა. შემოსავლის კრედიტი 279.2 მლნ აშშ დოლარი (455.8 მლნ ლარი) 60.9 პროცენტით მეტია 2011 წლის II კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტმა 316.5 მლნ აშშ დოლარი (516.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მიმდინარე ტრანსფერები მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მსხვილი დადებითი კომპონენტია და 281.5 მლნ აშშ დოლარს (459.6 მლნ ლარს) შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.9 პროცენტით ნაკლებია. აქედან, 304.5 მლნ აშშ დოლარი (497.1 მლნ ლარი) მიღებული, ხოლო 23.0 მლნ აშშ დოლარი (37.5 მლნ ლარი) გაცემული ტრანსფერებია. 2012 წლის II კვარტალში სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 68.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო სხვა სექტორებისა 0.4 პროცენტით გაიზარდა.
კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინებამ 2012 წლის II კვარტალში 33.6 მლნ აშშ დოლარი (54.9 მლნ ლარი) შეადგინა.
წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2012 წლის II კვარტალში 147.2 მლნ აშშ დოლარს (240.3 მლნ ლარს) შეადგენს. ამავდროულად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოცემულ პერიოდში 219.9 მლნ აშშ დოლარს (359.0 მლნ ლარს) გაუტოლდა, რაც 11.5 პროცენტით ნაკლებია 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოდგენილია შემდეგი სახით: ინვესტიციამ სააქციო კაპიტალში შეადგინა 95.3 მლნ აშშ დოლარი (155.6 მლნ ლარი), რეინვესტირებულმა შემოსავალმა - 93.9 მლნ აშშ დოლარი (-190.8 მლნ ლარი), ხოლო სხვა კაპიტალმა 218.5 მლნ აშშ დოლარი (356.8 მლნ ლარი).
საანგარიშო პერიოდში პორტფელის ინვესტიციების სალდომ 248,3 მლნ აშშ დოლარი (405,4 მლნ ლარი) შეადგინა, საქართველოდან საზღვარგარეთ განხორციელდა 42,5 მლნ დოლარის (69,4 მლნ ლარი) პორტფელის ინვესტიცია, ხოლო საზღვარგარეთიდან ქვეყანაში - 290,8 მლნ დოლარის (474,7 მლნ ლარი). აქტივების ზრდა გამოწვეულია საბანკო სექტორის მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ინვესტიციებით სააქციო კაპიტალში, ვალდებულებების ზრდა კი, ახალი სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით (ევრობონდები, სახაზინო ვალდებულებები და სახელმწიფო ობლიგაციები).
სხვა ინვესტიციების სალდო 2012 წლის II კვარტალში 174.5 მლნ აშშ დოლარს (284.9 მლნ ლარი) შეადგენს. კვარტალის განმავლობაში აქტივები გაიზარდა 23.9 მლნ აშშ დოლარით (39.0 მლნ ლარით), ხოლო ვალდებულებები 198.4 მლნ აშშ დოლარით (323.9 მლნ ლარით). სხვა ინვესტიციების ვალდებულებების ზრდა მოცემულ პერიოდში განპირობებული იყო კერძო სექტორის სესხების ზრდით.
სარეზერვო აქტივები 2012 წლის II კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 7.7 მლნ აშშ დოლარით (12.5 მლნ ლარით) გაიზარდა.