"რაც შეეხება ნატოს და რუსეთთან ურთიერთობას, ვფიქრობ, რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი", - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.
"ვფიქრობ, რუსეთის პოზიცია საქართველოს ნატოში სწრაფვასთან დაკავშირებით ძალიან გააღიზიანა და გაღრმავა სააკაშვილმა, რომელიც როგორც ხარს წითელ ნაჭერს, ისე უფრიალებდა რუსეთს, რომ აი, მე ნატოში შევალ - ამით აბრაზებდა, აღიზიანებდა და ამძაფრებდა", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა:
"მესმის, რომ გეოპოლიტიკურად ეს რუსეთისთვის დღეს არ არის მაინდამაინც საინტერესო, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი რუსეთისთვის, რომ ლამის აქ მთავრდება ყველაფერი, თუ საქართველო ნატოში შევიდა".
ივანიშვილი ფიქრობს, რომ სწორი დიპლომატიით, სწორი ანალიზით და სწორი დროით შეიძლება რუსეთის დარწმუნება, რომ ეს არ უქმნის რუსეთს რეალურად საფრთხეს და ეს არ უნდა იყოს პრინციპული რუსეთისთვის.
"ამავდროულად, თქვენ კარგად იცით, რომ ნატოში შემავალი ქვეყნები ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას. რთულია, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ შეუძლებელია, მაგალითად შეიძლება ბალტიისპირეთის ქვეყნები გამოდგეს", - განაცხადა მან.