მთავრობამ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინა, რომლის დამტკიცებაც მე-8 მოწვევის პარლამენტს მოუწევს. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ყველა პრიორიტეტული სფეროს დაფინანსება. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით ირკვევა, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 29,3%-ით და განისაზღვრება 2 339,5 მლნ ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის ფარგლებში:
მოსახლეობის სოციალურ დაცვასა და საპენსიო უზრუნველყოფაზე მიიმართება 1 830,5 მლნ ლარი. გათვალისწინებულია საპენსიო პაკეტის ზრდა 100 დოლარამდე, 1000 ლარიანი ვაუჩერები და სხვა სოციალური დახმარებები;
ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისთვის მიიმართება 450,0 მლნ ლარი, საიდანაც 323,6 მლნ ლარი მოხმარდება მოსახლეობის დაზღვევას.
სახელმწიფო დაზღვევის არსებულ ბენეფიციარებს დაემატება ახალი კატეგორიის ბენეფიციარები და ჯამში 2013 წელს დაზღვეულთა რაოდენობა მიაღწევს 3,0 მლნ მოქალაქეს; გაგრძელდება სამედიცინო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დაინერგება ელექტრონული ჯანდაცვის პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ მართვას;
ცნობილი ხდება ასევე, რომ 2013 წლისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 22,4%-ით. გამოყოფილი თანხის ფარგლებში უფრო მეტი მოცულობით დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლება, სარწყავი სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და სხვა პროგრამები. სამინისტროს დაფინანსების ზრდის გარდა სოფლის განვითარების მიზნით კიდევ უფრო დიდი მოცულობით გაგრძელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსება, მათ შორის სოფლებთან დამაკავშირებელი და სოფლის გზების რეაბილიტაცია, სოფლების გაზიფიცირება და გამრიცხველიანება, წყლის სისტემების რეაბილიტაცია, სოფლების ინტერნეტიზაცია და სვა პროგრამები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 6,5%-ით. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გაგრძელდება სერტიფიცირებული მასწავლებლების ხელფასების ზრდა, უფრო მეტი მოცულობით დაფინანსდება საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა. გაგრძელდება მომავლის კლასების გახსნა, სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, პროფესიული განათლების ვაუჩერების და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება;