კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას მისთვის ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას სთხოვს.
"მივმართავ დღევანდელ ხელისუფლებას, ათი თვე გადის, რაც ეს საქმე გაიჭედა და ჩვენ ვერ ვახერხებთ მის სტრასბურგამდე მიტანას. მე მგონი, ხელისუფლებას ეყოფა ნება იმისა, რომ სასამართლოს მისცეს საშუალება, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს და აღმიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ ჩამომართვეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენა, თუ შესაბამისი ნება იარსებებს, ერთ კვირაში იქნება შესაძლებელი.
"თუ არა, ამის დიდი სურვილი არ მაქვს, მაგრამ არსებობს კონსტიტუციური ჩანაწერი და მე შემიძლია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე მაინც ამირჩიონ პრემიერ-მინისტრად. პარლამენტი ირჩევს პრემიერს, ჩვენ იქ უმრავლესობა გვეყოლება და ამის პრობლემა არ არსებობს", - დასძინა ივანიშვილმა.