ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათი განცხადებით, კოალიცია "ქართული ოცნების" ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელდარ (ლუკა) კურტანიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, სასტიკად სცემა გიორგი მუმლაძესა და გიორგი ლომიძეს. შემთხვევა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარის #8 საარჩევნო უბანში მოხდა.
"კურტანიძე თანამოაზრეებთან ერთად რამდენჯერმე იყო შემჩნეული განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. რის შემდეგაც გამოძახებული იქნა პოლიცია. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით', - აცხადებენ შსს-ში.