გურჯაანის რაიონის კოლაგში დაღუპული 10 თვის გოგონას დედამ, თათია მექერიშვილმა, კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ პოლიციას 4 ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული.
"როგორც გურჯაანის პოლიციაში მითხრეს, 4 ადამიანი ჰყავთ დაკავებული. პოლიციის ვერსიით, ეჭვმიტანილი ან გოგონა და ბიჭი არიან, ან 2 ბიჭი. უფრო ზუსტად არაფერს მეუბნებიან და ეჭვმიტანილების ვინაობას არ ასახელებენ", - აღნიშნა მექერიშვილმა, რომელიც ამ დროისთვის გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში იმყოფება.
კოლაგში გუშინ საღამოს 10 თვის ბარბარე რაფალიანი საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში, გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. ბავშვის ცხედარი ამ დროისთვის გურჯაანის პროზექტურაშია. უცნობია ექსპერტიზის შედეგები. სავარაუდოდ, ბავშვის ცხედარს დედოფლისწაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში გადაასვენებენ, სადაც გოგონას ოჯახი ცხოვრობს.