კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, მხარდამჭერებთან ერთად, ეგზიტპოლების შედეგებს ქუჩაში, თბილისსა და საქართველოს რაიონებში დამონტაჟებულ დიდ ეკრანებთან დაელოდებიან, - ამის შესახებ კოალიციის მედია-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება თავად მხარდამჭერების თხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული.
"გადავწყვიტეთ, ეგზიტპოლების შედეგებს თბილისის რამდენიმე ადგილას და საქართველოს რამდენიმე ქალაქში დიდ ეკრანებთან დაველოდოთ, რომელიც სპეციალურად ამისთვის ქუჩებში დამონტაჟდება. იქ იქნება შესაძლებლობა, ეგზიტპოლების შედეგებს ერთად გავეცნოთ", - განმარტა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, იქედან გამომდინარე, რომ ეგზიტპოლების შედეგები 20:00 საათზე უნდა გამოქვეყნდეს, კოალიციის წარმომადგენლები, მხარდამჭერებთან ერთად, დედაქალაქის სხვადასხვა წერტილსა და სხვადასხვა ქალაქში დაახლოებით 19:00 საათისთვის შეიკრიბებიან.
კოალიციის მხარდამჭერები შეიკრიბებიან აღმაშენებლის გამზირზე (ჯანსუღ კახიძის ცენტრთან), კიკვიძის ბაღთან, ახმეტელის, ავლაბრის, ვარკეთილი მეტროსადგურებთან, ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან, გორგასლის #81-ში და თავისუფლების მოედანზე.
კოალიციის მხარდამჭერებს იგივე შესაძლებლობა მიეცემათ ბათუმში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზუგდიდსა და თელავში.
ფანჯიკიძის თქმით, თავად ბიძინა ივანიშვილი ეგზიტპოლების შედეგებს კოალიციის ცენტრალურ ოფისში დაელოდება.