"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ახორციელებენ ზეწოლას ამომრჩევლებზე", _ განაცხადა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კონკრეტული ზომები მიიღო იმისთვის, რომ ამომრჩევლის მოწვევის კამპანია არ ყოფილიყო გამოყენებული პროვოკაციებისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ ავუკრძალეთ პარტიული მაისურების ჩაცმა, თქვენ იცით, რომ დავავალეთ ჩვენს მომხრეებს, რომ დისტანცია დაიცვან სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებისა და აქტივისტებისგან, თუკი ისინი იქნებიან ასევე საარჩევნო უბნის გარეთ. მიუხედავად ჩვენი ღიაობისა და პროცესის გამჭვირვალეობისა, "ქართული ოცნების" მხრიდან დღეს დილიდან მოყოლებული ადგილი აქვს ამ პროცესის წარმოჩენას ისე, თითქოს ეს არის რაიმე კანონდარღვევა. ეს მათ ნამდვილად არ გამოუვათ, ვინაიდან ის გამჭვირვალეობა, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ პასუხი გავცეთ ყველა ასეთ უსაფუძვლო ბრალდებას, არის გარანტია იმისა, რომ ეს ინფორმაცია არ იქნება საზოგადოებისთვის დამაჯერებელი", _ აცხადებს თაქთაქიშვილი და აღნიშნავს, რომ სწორედ "ქართული ოცნების" მხრიდან სხვადასხვა რაიონში ადგილი აქვს ერთი და იმავე ტიპის საქმიანობას.
პრესსპიკერის განცხადებით, დარღვევები დაფიქსირებულია "ნაძალადევის რაიონში 53-ე და 54-ე საარჩევნო უბნებზე, თბილისის მე-7 საარჩევნო ოლქში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე, ისანში 75-ე სააარჩევნო უბანზე.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები (ზოგი მათგანი მაისურსაც ატარებს) ახორციელებენ ზეწოლას ამომრჩევლებზე. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ რაიონებშიც, მაგალითად გორში, ზუგდიდში",_ აცხადებს თაქთაქიშვილი.