"ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატი ოთარ ჩრდილელი სამტრედიის საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჩრდილელმა განაცხადა, სამტრედიაში საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობაა.
"მთლიანობაში, სამტრედიის მასშტაბით უნდა ყოფილიყო 48 362 ბიულეტენი და ჩამოსულია მხოლოდ 44 050, ანუ 4 0312 ბიულეტენი სამტრედიაში არ ჩამოსულა", _განაცხადა ჩრდილელმა.
მისი განცხადებით, საარჩევნო პროცესი სამტრედიაში დარღვევებით მიმდინარეობს.
"#1 საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ჩაიწერა უბნის რეგისტრატორების ტელეფონის ნომრები და მითითებები მისცა ე.წ. სომხური კარუსელების შესახებ. #23 საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებზე დილიდან სამტრედიის პოლიციის უფროსი ზვიად ობოლაძე ზეწოლას ახორციელებს. თერთმეტი საათისთვის მისმა თანამშრომლებმა დააკავეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ლერი კოხრეიძე, რომელსაც საკუთარი ავტომანქანით ამომრჩეველი გადაჰყავდა და ჩამოართვეს ავტომანქანა", - განაცხადა ჩრდილელმა.
მისი განცხადებით, დარღვევები დაფიქსირდა სამტრედიის "#21 საარჩევნო უბანზედაც.
"#21 საარჩევნო უბანთან ადგილობრივი საკრებულოს წევრი გიული ხუჭუა საარჩევნო აგიტაციას ატარებდა", _ განაცხადა ჩრდილელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დარღვევები დაფიქსირდა სამტრედიის #40 უბანშიც, სადაც საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ციცინო ხურცილავამ "ქართული ოცნების" დამკვირვებელი ვარლამ შენგელია იმის გამო გამოაძევა, რომ "ნერვებს უშლიდა".
ჩრდილელმა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სამტრედიაში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი ლიდერობს, აბსურდული უწოდა.