დღეს, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. საქართველოს მოსახლეობა მე-8 მოწვევის პარლამენტს დღეს აირჩევს.
საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება, ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყება. 20:00 საათზე კენჭისყრა დასრულდება და უბნები დაიხურება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851 შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით 73 საარჩევნო ოლქი, 3 668 ჩვეულებრივი და 71 გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი უბანი მოქმედებს. 45 უბანი გაიხსნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლითაც პარლამენტის 150 წევრიდან 73 ირჩევა მაჟორიტარული წესით ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო დანარჩენი 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებს შორის, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
ქვეყნის მოსახლეობა მე-8 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს 4 წლის ვადით აირჩევს.
პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 77-ზე და გაიყოს ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.
ყველა პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს, ავტომატურად 6-წევრიანი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში.
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30 პროცენტისა.
თუ პირველივე ტურში მაჟორიტარი დეპუტატი ვერ აირჩა, მაქსიმუმ ორ კვირაში იმართება მეორე ტური, რომელშიც ის ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა დააგროვეს. თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ხმათა ტოლი რაოდენობა მიიღო, მეორე ტურში ყველა ეს კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. მეორე ტურში იმარჯვებს ის მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას დააგროვებს.