დედოფლისწყაროში „ქართული ოცნებიდან" საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს შტაბის უფროსმა აკაკი ნატროშვილმა განუცხადა, პოლიციაში ისინი იმის გამო დაიბარეს, თითქოს პარტიამ თითოეულ მათგანს 250 ლარი ჩაურიცხა.
„საუბნო კომისიის 7 წევრს დაურეკეს და 2 და 3 ოქტომბერს დედოფლისწყაროს პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. პოლიციამ მათ ჰკითხა, ჩაერიცხათ თუ არა პარტიიდან პირად ანგარიშზე 250 ლარი. ეს არის სიცრუე, ანგარიშზე თანხა არავისთვის არ ჩაურიცხავთ", - აღნიშნა აკაკი ნატროშვილმა
საპარლამენტო არჩევნებამდე 6 საათით ადრე შსს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღებულობს ინფორმაციას რეგიონებში ფულის დარიგების მასობრივი ფაქტების შესახებ. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილე პირები ფულის დარიგებისას კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სახელით მოქმედებენ.
პოლიცია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას - გააკონტროლონ საკუთარი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა არ დაუშვან კანონის უხეში დარღვევა. იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ ტარდება საპარლამენტო არჩევნები, პოლიცია თავს იკავებს პარტიათა წარმომადგენლების დაბარებისა და დაკითხვისაგან".