29 სექტემბერმა, შეიძლება ითქვას, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და კოალიცია ,,ქართული ოცნების" აქციაზე შეგროვილი ხალხის რაოდენობამ მრავალაქცია გამოვლილი ქართველებიც კი გაგვაკვირვა.
მეტროს ახმეტელს დღის სამი საათისთვის მივადექი. ჩასასვლელში იმხელა რიგი დამხვდა, კარგა ხანს მომიწია ლოდინი, ვიდრე ესკალატორამდე მივაღწევდი. მეტროს ვაგონებში შეკრებილი ხალხი არ მალავდა, რომ ისინი ,,ქართული ოცნების" მხარდასაჭერ აქციაზე მიდიოდნენ. ისიც თვალსაჩინო იყო, რომ მათ არავინ აძალებდა იქ წასვლას, არავინ კრებდა ჯგუფებად და სიითა და თვლით არ იბარებდა.
მეტროსადგურ სარაჯიშვილზე ,,ოცნების" სიმბოლიკიანი შავ და ლურჯ მაისურიანი ახალგაზრდები შემოგვიერთდნენ.
- თქვენ შემოგევლეთ, შვილებო, გმადლობთ, რომ ასე აქტიურობთ. ამდენი წელია, თქვენს აქტიურობას ველოდებით აქციებზე და როგორც იქნა, გაიღვიძა თქვენშიც პროტესტის გრძნობამ. - მიესიყვარულა მათ შუახნის ქალბატონი. - ოღონდ ერთს გთხოვთ, ძალიან მონდომებულები არიან ახლა მათი აქტივისტები, ყველაფერზე მიდიან, ხომ ხედავთ და ფრთხილად იყავით, მათ პროვოკაციებს არ აჰყვეთ. რომც შეგაგინონ, პასუხი არ გასცეთ.
- არა, დეიდა, ჩვენც ვიცით, რაც ხდება, ამიტომ თავს ვარიდებთ პროვოკატორებს. - ეუბნებიან ისინიც.
- აი, ერთ-ერთი მათგანი ჩვენთან ერთად არის, აგერ. - მხარზე დაჰკრეს ხელი შავმაისურიან ბიჭს. - ნაციონალების აქტივისტი ყო, მაგრამ რომ ნახა, რასაც წარმოადგენდნენ და როგორ ძალადობდნენ ხალხზე, ჩვენ შემოგვიერთდა.
- არა, უშავს, შვილო, მთავარია, მიხვდე, ვინ არის კარგი და ვინ - ცუდი. მეც მიშას ამომრჩველი ვიყავი, ორჯერ მივეცი ხმა, მაგრამ ახლა მისი სახელის გაგონებაც არ მინდა. - გამოელაპარაკა ახალგაზრდებს კიდევ ერთი ქალბატონი - მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ, ისეთ რამეებს გვპირდებოდა, ორივეჯერ ვენდე და ავირჩიე ნაციონალებიც და პრეზიდენტიც, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი. ჰოდა, ერთხელ რომ მომატყუეს, ორჯერ რომ მომატყუეს, მესამედ აღარ მოვატყუებინებ თავს.
ისედაც გადავსებულ ვაგონებში ,დიდუბის მეტროსადგურზე შემოსულმა მოქალაქეებმა თქვეს, რომ ისინი ვაგზლის მოედნიდან გამოყვნენ მატარებელს, რათა აქ საპირისპირო მიმართულებით მიმავალ ვაგონში მოეხერხებინათ შემოსვლა. იმდენი ხალხია, ორი მატარებელი გავუშვით უკვეო.
მათ სიმართლეში მალევე დავრწმუნდით, როცა ვაგზლის მოედანზე გავედით.
იქ ხალხის ისეთი ტალღა შემოგვიერთდა, რომ ოცნების ლურჯმაისურიან ახალგაზრდებს, არათუ ფეხზე დგომა, სუნთქვაც კი გაუჭირდათ. ერთს ბლოკნოტი მივაწოდე, რომ დაენიავებინა და გული არ წასვლოდა., თავად კი ისეთ დღეში აღმოვჩნდი, ფეხი რომ არ მომტეხოდა, სკამებზე ჩამომსხდარ ქალების კალთაში ნახევრად მივწექი. ისინიც, რამდენადაც შეეძლოთ, ჩამებღაუჭნენ, რომ როგორმე რუსთაველის მეტროსადგურამდე მიმეღწია.
...ესკალატორზე ჩემს წინ მიმავალმა ახალგაზრდებმა ზემოდან როგორც კი გადმოიხედეს, ხალხის სიმრავლის გამო ემოცია ვერ შეიკავეს და ტაშით და ყიჟინით აღნიშნეს აღტაცება რასაც ქვევით მყოფებმაც იგივეთი უპასუხეს.
რუსთაველის ძეგლთან ახალგაზრდები კაი ბლომად შეკრებილიყვნენ და კოსტავას ქუჩიდან კოლონებად მომავალ აქციის მონაწილეებს უერთდებოდნენ.
ზემელიდან ნელ-ნელა მეც თავისუფლების მიმართულებით დავუყევი რუსთაველის გამზირს, მაგრამ უკვე ტროტუარებზე გავლაც ჭირდა და ამიტომ ფოსტის შენობასთან გავჩერდი და ხალხის ნაკადსაც იქიდან ვაკვირდებოდი.
თვალშისაცემი იყო ის გარემოება, რომ ზღვა ხალხში, მოწყენილი და დაღვრემილი სახით ვერავის ნახავდით, ყველა ამაყად მხრებშიგაშლილი, მოღიმარი და აღტაცებული გამომემეტყველებით მიემართებოდა მოვლენების ეპიცენტრისკენ.
არც კამერებს ემალებოდა ვინმე, არც აზრის დაფიქსირების ეშინოდათ, პირიქით, ხმამაღლა ესაუბრებოდნენ ერთმანეთს: აბა, კიდევ ერთხელ დაგვთვალონ, რამდენნი ვართ, აბა, შემოგვხედონ, ჩვენ ხომ ძალით არავის მოვუყვანივართ, არც ვინმე დაგვმუქრებია, ჩვენი ნებით, ჩვენი სურვილით მოვდივართ და არავისი გვეშინია. მოვდივართ, რომ დავიცვათ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი.
მოდიოდნენ ხანდაზმულები, საშუალო ასაკის ადამიანები, ახალგაზრდები. ეს უკანასკნელნი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ და ტრანსპარანტებიც შესაბამისი ეჭირათ ხელში: ვერ გაგვაჩერებთ!
იყო ლურჯი დროშების ფრიალი და იმედიანი შეძახილები.
აქციაზე მობილიზებულად, ერთად მოვიდნენ პატრულის ყოფილი თანამშრომლებიც, რომელთაც ,,ქართული ოცნების" ლურჯ მაისურებზე, ზემოდან საპატრულო უნიფორმის ჟილეტები ეცვათ.
მათ მოჰყვნენ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სოსო ჯაჭვლიანის მხარდამჭერები სოსოსთან ერთად.
გლდანის წარმომადგენლობას უკან მოჰყვა ჩუღურეთი. ცოტა ხანში კახა კუკავაც გამოჩნდა თავისი პარტიის წევრებთან და ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ პროსპექტზე ხალხი ჯერ კიდევ მდინარესავით მოედინებოდა, ზუსტად ოთხ საათზე, როგორც გამოცხადებული იყო, ბიძინა ივანიშვლი ხალხის წინაშე გამოვიდა, თუმცა მისმა ხმამ ჩვენამდე ძლივს მოაღწია. მიზეზი ერთ-ერთ ორგანიზატორს ვკითხეთ, ვინაიდან ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობები მთელს რუსთაველზე იყო დამონტაჟებული, ხმა კი მაინც არ გვესმოდა.
როგორც შევიტყვეთ, აპარატურა წინა საღამოს დაუყენებიათ, თუმცა გამთენიას ვიღაცა მანქანით დასჯახებია და ორგანიზტორებსაც გვიან უნახავთ, რომ ელექტროსადენები მწყობრიდან იყო გამოსული.
ვცდილობდით, შეხვედრის დაწყებამდე შეგვეკეთებინა, მაგრამ ვერ მოვასწარით. აშკარაა, რომ ვიღაცამ სპეციალურად გაგვიფუჭა, რათა ეს ხარვეზები გვქონოდაო.
რუსთაველზე თავის რამდენიმე მეგობართან ერთად გამოცდილი მომიტინგე და ,,პროტესტანტი'' ირაკლი წერეთელიც გამოჩნდა, რომელიც კომბალივით დიდ ჯოხს ეყრდნობოდა.
- ეს ჯოხით ხომ არ აპირებს ხელისუფლების გაყრას? - იხუმრა იღაცამ ჩემს გვერდით.
შეკრებილებს ორი ახალგაზრდა გოგონა შემოუერთდა, ხელში ტრანსპარანტით, რომელზეც პოლიტპატიმარ თემურ ჟორჟოლიანის სურათი ჩანდა და წარწერა: დამიბრუნეთ, მამა! მამა გვჭირდება!
- რა ხდება, გოგოებო, ბატონი თემური როგორ არის, როგორ აფასებს მოვლენებს? - ვკითხე.
ბავშვებს ძალიან გაუხარდათ, რომ შევამჩნიე და გამოველაპარაკე.
- მხნედ არის, ხშირად გვიკავშირდება და აქეთ გვამხნევებს. გვეუბნება, რომ მომავლის იმედი აქვს და მისი უდანაშაულობა მალე დამტკიცდება.
სადღაც ხუთი საათისთვის ხალხის ნაკადმა იკლო და რუსთაველის პროსპექტზე მათი ბოლო წერტილი სწორედ ფოსტასთან გაჩერდა.
ვაკვირდებოდი შეკრებილებს და თუ ვინმე ტენდენციურობას არ დამაბრალებს, ეს შეკრება ბევრად განსხვავდებოდა წინა დღეს ნაციონალების მიერ გამართული მთავარი შეკრებისგან. აშკარად ჩანდა, რომ არავინ არავის ემალებოდა, რომ არავის არაფრის ეშინოდა, არავინ ითვლიდა, რამდენნი იყვნენ, არავინ წონიდა, შეასრულეს თუ არა ვინმეს წინაშე ვალი... ჩანდა, რომ ეს არ იყო მარტო მხარდამჭერთა შეკრება, ეს იყო ზეიმი და ამას ხმამაღლაც ამბობდნენ.
ერთ-ერთმა ქალბატონმა, ფოტოკამერის დანახვაზე ფართოდ გამიღიმა და რკინის ჯებირზე მდგარს ამომძახა, გადამიღეთ, მნახოს მთელმა საქართველომ, მე დღეს ჩვენს ერთად ყოფნას ვზეიმობ, მე მიხარია, რომ ამდენ ადამიანს გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ამდენს შეგვტკივა გული მასზე. ჩვენ უფრო მეტნი ვართ და ეს სიმრავლე 1 ოქტომბერს დამტკიცდება.
იქვე, ჩემს გვერდით, ბორდიურზე შავებში ჩაცმული ბებო ჩამოჯდა, რომელსაც
ხელში ,,ქართული ოცნების'' სიმბოლიკიანი ლურჯი საჰაერო ბურთი ეკავა.
ფოტოაპარატი რომ მოვიმარჯვე, ვიდრე რამეს ვკითხავდი, თავად ალაპარაკდა.
- მე ძველი სენაკიდან ვარ, მაგრამ 67 წელია თბილისში ვცხოვრობ. 80 წელი შემისრულდა, უკვე. დიდხანს ვემსახურე ქვეყანას, ყოფილი პოლიციელი გახლავარ, ჰოდა, იმიტომ მოვედი აქ, რომ ამ კაცის იმედი მაქვს. იქნება მის ხელში დამიფასდეს სიბერე.
ამასობაში, ჩვენს ახლოს დამონტაჟებულ მონიტორში გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა სცენაზე სიტყვას დაამთავრა და ცაში უამრავი ლურჯ ისაჰაერო ბურთიც გაუშვეს. ჩემს გვერდით შეკრებილები და მეც ცას მივაჩერდით, სადაც დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ, შორს სივრცეში, ჰაერში მოტრიალე ბურთები გამოჩნდა.
ხალხმა დაშლა დაიწყო და თუ თავიდან რუსთაველის პროსპექტიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებოდნენ, ახლა პირუკუ, იქიდან აქეთ დაიწყეს სვლა.
ისევ დავაკვირდი მათ სახეებს. ყველას მშვიდი ღიმილი დასთამაშებდა, ამაყად მოდიოდნენ, ერთმნეთს ამხნევებდნენ: დღევანდელი დღე შედგა, დღეს კიდევ ერთხელ დაგვინახეს, რომ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. უნდა მიხვდეს ჩვენი უბედური ხელისუფლება, რომ მათი საქმე წასულია, ურჩევნიათ, მშვიდად წავიდნენ. ორი დღე გავძლოთ, ორი დღე მოვითმინოთ და ყველაფერი კარგად იქნება.
1 ოქტომბერს მთელი საქართველო გაიმარჯვებს! ჩემს გვერდით მდგომი ხანდაზმული ქალბატონი გულაჩუყებული უყურებდა და უსმენდა, აქცის მონაწილეების შეძახილებს და შორიდან ყველას პირჯვარს წერდა.
თან მელაპარაკებოდა: ასე იოლად დათმობენ, ვითომ ეს მტარვალები ძალაუფლებას? ყველაფერს იზამენ, რომ საკუთარი ხალხი უფრო გაამწარონ. იქითკენ მიჰყავთ საქმე... ოღონდ სისხლისღვრა არ იქნებოდეს და ჩემს თავს არ ვჩივი, თუგინდ დღესვე მოვკვდე.
საათზე მეტი დრო მოუნდა, ვიდრე რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი შეკრებილი ხალხისგან დაიცლებოდა. 7 საათისთვის გზაც გაიხსნა და ტრანსპორტმაც ნელ-ნელა დაიწყო მოძრაობა.
კარგა ხანს ველოდე, როდის გამოჩნდებოდა თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის მანქანები და თანამშრომლები, რომელთაც ქაღალდებითა და ბოთლებით სავეს ქუჩა უნდა დაეხვეტათ, მაგრამ ისე წამოვედი იქიდან, მათთვის თვალი არ მომიკრავს.
აქციის ორგანიზატორებმა მითხრეს, ისინი თუ არ მოვიდნენ, ჩვენ თავად დავასუფთავებთ აქაურობასო.
ბინდდებოდა, როცა შეკრების ადგილი დავტოვე.
ტრანსპორტში უკვე სიხალვათე იყო.
მშვიდად განაგრძობდა ქალაქი ცხოვრებას.
ერთადერთი, რაც მყუდროებას არღვევდა, ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდა აქტივისტების უთავბოლო რბოლა იყო, რომლებიც აქციის შემდეგ ქუჩებში მანქანებით დაქროდნენ.
P. S. მე განგებ არ შევაჩერე ყურადღება ბიძინა ივანიშვილის გამოსვლასა და მის მიმართვაზე, ამას ტელეეკრანებიდანაც გაიგებდით. ჩემი მიზანი იყო, ის განწყობა გადმომეცა, რაც შეკრებილთა შორის სუფევდა.
P. S. 2
აქციაზე არ გამოჩენილა ადამიანი, რომელიც ,,დიდი ხნის მკვდარი გვეგონა და ბიძინა ივანიშვილს 29 სექტემებრს უნდა გამოეჩინა''.
ეს ბოროტი ხუმრობა 26 სექტემბერს გაჩნდა სოცილაურ ქსელებში. ადვილი მისახვედრია, რომ ის პროვოკატორთა შემოგდებული იყო, ვინაიდან, ოპოზიციური კოალიციის ლიდერს, მანამდე არსად უთქვამს, რომ 29 სექტემბერს მიცვალებულად გამოცხადებულ ადამიანს ცოცხალს და საღსალამათს გამოიყვანდა ხალხის წინაშე.
მიუხედავად ამისა, ბევრმა დაიჯერა კიდეც და ვარაუდებიც გამოთქვა, ვინ შეიძლებოდა, ამ დღეს მკვდრეთით აღმდგარიყო.
მე თუ მკითხავს ვინმეს, ,,იმ ადამიანის" მკვდრეთით აღდგომის დარი იმ ვიდეოჩანაწერების გავრცელება იყო, რომელიც მისი და მთავრობის პირველი პირების შეხვედრებსა და მათ შორის წილების გადანაწილებას მოწმობს. იქნებ სულაც არ იყო პროვოკატორის მიერ გავრცელებული და მკვდარ ქცეული საზოგადოების გაცოცხლებას გულისხმობდა?
"ჯი-ეიჩ-ენი", ირმა ბერიშვილი