"ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩევლის მობილიზაციისა და მოწვევის კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერების ავტოტრანსპორტით უზრუნველყოფასაც გეგმავს, - ამის შესახებ დღეს "ნაციონალების" პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამისათვის საჭირო თანხა, მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ფონდიდან იქნება გაღებული.
თაქთაქიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან პოლიტიკურ ნიადაგზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და სხვა ნეიტრალური ადამიანების მიმართ თავდასხმების ფაქტებმა იმატა, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს, რომ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მაქსიმალურად მშვიდობიანი იყოს.
"სწორედ ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ მთელი რიგი წესები, რათა ამომრჩეველთა მოწვევის კამპანიის ფარგლებში რაიმე სახის დაძაბულობა თავიდან ავიცილოთ", - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
მისი თქმით, კამპანიაში ჩართული "ნაციონალების" მოხალისეები და კოორდინატორები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებიან, რათა გონივრული დისტანცია დაცული იყოს; მათ კონკრეტული მითითება მიეცათ, რათა კანონის მოთხოვნები დაიცვან, პროვოკაციებს არ აყვნენ და მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნონ.
"ნაციონალების" პრესსპიკერმა მოძრაობის მხარდამჭერებს მოუწოდა, საარჩევნო უბნებზე პარტიის სიმბოლიკიანი მაისურებით არ გამოცხადდნენ. ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია ერთ-ერთი ყველაზე შეჯიბრობითი, კონკურენტიანი და პლურალისტური იყო.