იმედი მაქვს, არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად, არ იქნება არავითარი წინააღმდეგობა და მოიგებს ის, ვისაც ხალხი ენდობა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესმა ბრძანა, მშვიდობა და სიმშვიდე უნდა იყოს შენარჩუნებული და ეს არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს.
"ჩვენ ველოდებით, რომ ეს არჩევნები გაყალბებული არ იქნება და ხალხი აირჩევს მას, ვინც სურს. ძველი რომაელები ამბობდნენ, ხმა ერისა ხმა ღვთისა. რა თქმა უნდა, მშვიდობა და სიმშვიდე უნდა იყოს შენარჩუნებული და ეს არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს. სამართალი არის საფუძველი მშვიდობისა და შევთხოვთ უფალს, მოგვმადლოს ის სიბრძნე, რომ დავიცვათ სამართალი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს უკან არის უფალი, ზეციური საქართველო და ჩვენი სამშობლო. თუ დარღვევები იქნება, რა ვუთხრათ წინაპრებს. ისინი არ გვაპატიებენ. იმედი მაქვს, არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად, არ იქნება არავითარი წინააღმდეგობა და მოიგებს ის, ვისაც ხალხი ენდობა", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა საქართველოს მთელს მოსახლეობას და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.