კოალიცია "ქართული ოცნების" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის ბიძაშვილის სახლში ე.წ "მოლოტოვის კოქტეილი" შეაგდეს.
როგორც მანან ბერიკაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, "მოლოტოვის კოქტეილის" აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ოჯახის წევრებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად შეძლეს. შემთხვევა 30 სექტემბერს გამთენიისას მოხდა.
"ღამის 03:00-დან 04:00 საათამდე პერიოდში, უცნობმა პირებმა სოფელ კოლაგში, ჩემი ბიძაშვილის სოსო ბერიკაშვილის სახლში, მეორე სართულზე "მოლოტოვის კოქტეილი" შეაგდეს, რომელიც აფეთქდა და ცეცხლი გაჩნდა, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს, რადგან არ ეძინათ. მეორე სართულზე იმ დროს არავინ იმყოფებოდა, რადგან რემონტი აქვთ. ამ სახლში მეც ხშირად ვრჩები ხოლმე, გუშინაც ვიყავი მისული აქციის შემდეგ, მაგრამ იქ არ დავრჩი," - განუცხადა მანანა ბერიკაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, საქმეს გურჯაანის პოლიცია იძიებს.