კოალიცია „ქართული ოცნება" ცესკოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც სპეცუბნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება მიეცა ხმა არა მხოლოდ პროპორციული წესით მისცენ, არამედ მაჟორიტარული წესითაც.
ცესკოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კოალიცის სახელით „ქართული ოცნების" ფოთის საარჩევნო შტაბში განცხადება 29 სეტემბერს, ეკა ბესელიას შტაბის წევრმა, „საქართველოს გზის" საერთაშორისო მდივანმა თემურ მურვანიძემ გააკეთა.
თემურ მურვანიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა" და „ბ" ქვეპუნქტების დარღვევით აპირებენ ფოთის 70-ე ოლქის სპეცუბნებზე, კერძოდ, მე-6 და 32-ე უბნებზე, სპეცსიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ოლქის ტერიტორიაზე, საშუალება მისცენ მონაწილეობა მიიღონ როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში.
თემურ მურვანიძე დარწმუნებულია, რომ ვერც ცესკოს ამ გადაწყვეტილების გზით მობილიზებული ხმები ვერ მოუტანს გამარჯვებას ნაციონალური მოძრაობის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თენგიზ სარიშვილს. მურვანიძის თქმით, ფოთი კოალიცია „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ეკა ბესელიას ირჩევს და ეს ორ დღეში დადასტურდება.