საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ, ქართველი პოლიციელის დაკავებას ეხმაურება. " საგარეო უწყების განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
"2012 წლის 29 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი მოგელი ტოლიაშვილი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მხრიდან აღნიშნული პროვოკაციული ქმედების გამო, რომელიც მიზნად ისახავს ვითარების დაძაბვას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე, რათა აღკვეთილ იქნას რუსეთის მხრიდან ყოველგვარი პროვოკაცია და სიტუაციის დაძაბვის მცდელობა."