მინდა ისეთმა ძალამ გაიმარჯვოს, რომელიც არ დაგვყოფს "ჩემიანებად" და "მტრებად", - აცხადებს მსახიობი ნატა მურვანიძე. მისი თქმით, სურს ისეთმა ძალამ გაიმარჯვოს, რომელიც რომელიც მხოლოდ პროფესიონალიზმისა და პატიოსნების მიხედვით მისცემს საშუალებას ადამიანებს ემსახურონ ქვეყანას.
"ვინც ადეკვატურად მიიღებს ჯანსაღ კრიტიკას იმისთვის, რომ განვვითარდეთ, ვინც დამნაშავეს დასჯის, მაგრამ არ აწამებს, ვინც შერჩევით სამართალს მოსპობს ქვეყანაში, ვინც ტყუილებში არ დაიხრჩობა, ვინც სასამართლოს გაათავისუფლებს, ვინც პრიორიტეტებს ქვეყნის სატკივარისა და პრობლემების მიხედვით დასახავს, ვინც არ დაგვამადლის აღმშენებლობას და ჩაგვრთავს პროცესში (ყველას თავისი პროფესიის და არა მხარდაჭერის მიხედვით) ვინც კონსტიტუციას არ გაატუტუცებს და თბილი ჟაკეთივით არ მოირგებს, ვინც იქით იწვალებს და მოერგება კონსტიტუციას, ვინც ისტორიას არ გადაუვლის და პატივს სცემს, ვინს ამპარტავანი არ იქნება, ვინც სხვა ქვეყნის მაგალითებით არ გაიმართლებს თავს როცა დამნაშავე იქნება, ვინც გამოსავალს მოსახლეობასთან ერთად მოძებნის, ვინც ცინიკური არ იქნება მათ მიმართ ვისაც უჭირს, ვინც ჰაერის ჩასუნთქვის საშუალებას მოგვცემს და მომავალს ჩვენთან ერთად დასახავს. არ მინდა ამ ქვეყნის მტერი ვიყო. არაფერი დამიშავებია ამისთვის. თავისუფლება, სამართლიანობა და მსვიდი ცხოვრება მინდა და მეტი არაფერი", - აცხადებს მურვანიძე.