ჩემს წამებაში უშუალოდ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და გოგა გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მე-9 არხის" ეთერში კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დაკავების პირველივე ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბოკერია და ადეიშვილი მას წამების საშინელი მეთოდებით გაუსწორდნენ სასურველი აღიარებითი ჩვენების მიცემის მოთხოვნით.
"ოთახში ბნელოდა, თვალი მქონდა ახვეული, მაგრამ კარგად გავარჩიე, თუ ვინ მონაწილეობდა ჩემს წამებაში. ისინი იყვნენ: გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, გოგა გრიგალაშვილი და სხვები. არყით გაჟღენთილი, მთვრალი დამქაშები და სპეციალისტები ადამიანის წამებისა, რომლებიც ელექტროშოკით და სიგარეტის დაწვით იმთავითვე ასიამოვნებდნენ მიხეილ სააკაშვილს", - განაცხადა სულხან მოლაშვილმა და აღნისნა, რომ აიძულებდნენ მხოლოდ ერთი წინადადება დაეწერა, რომ "სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, საკრებულოდან მოპარვა თითქოს შევარდნაძის პერიოდში განხორციელდა.. როდესაც უარი მიიღეს, მაწამეს".
მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეებში პატიმართა წამების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდა.
"მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა და მისმა აგიტატორებმა და ხელისშემწყობებმა ძალა მოიკრიბეს - ბოკერიამ რამიშვილმა და სხვებმა, ერთად შეადგინეს დასაპატიმრებელი ხალხის სიები და როგორც 37-იანი წლების ქრონიკებში გვინახავს, ასეთი სიებით დასდევდნენ ხალხს დასაჭერად. გამორიცხულია, რომ სააკაშვილს ასეთი ფაქტების შესახებ პირადად არ სცოდნოდა, უფრო მეტიც - გიგა ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც გააჩნდა დასაჭერი ხალხის სია. სიას ადეიშვილთან ერთად განიხილავდნენ და ის გოგო-ბიჭები, კალმახელიძეები და ახალაიები ამ მზაკვრულ გეგმას პიონერებივით ასრულებდნენ", - განაცხადა სულხან მოლაშვილმა.
მან მისი პატიმრობის პერიოდში მის საკანში ევროსაბჭოს დამკვირვებლების ვიზიტიც გაიხსენა. "ევროსაბჭოს დამკვირვებლები, რომლებიც შსს-ს სარდაფში ჩემი წამების ფაქტზე შემოვიდნენ, ერთ-ერთი, ვინც მათიას იორშსს ახლდა, იყო კირილოვი, როდესაც ნახა, რა პირობებში ვიყავი, გულწასული გაიყვანეს. ეს დაიწერა რეზოლუციებში და როგორ შეიძლებოდა ეს სააკაშვილს არ სცოდნოდა?!", - განაცხადა კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ.