დღეს, 29 სექტემბერს, ესპანელი მწერლის, სერვანტესის დაბადებიდან 465 წელი სრულდება. საქვეყნოდ ცნობილი ავტორი თანამედროვე გაგებით პირველი რომანისა "მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელი" - მიგელ დე სერვანტეს საავედრა - 1547 წლის 29 სექტემბერს, ალკადა-დე-ენარესში დაიბადა.
მწირი ცნობებია სერვანტესის ბავშვობის პერიოდის შესახებ. იგი იზრდებოდა ძალიან გაჭირვებულ ოჯახში. უყვარდა ქუჩის მომღერლების მოსმენა, მოხეტიალე მსახიობების წარმოდგენების ცქერა, აგროვებდა ნაბეჭდ ქაღალთა ფარატინებს, გაფაციცებით და ხარბად კითხულობდა ყოველ ნაბღაჯნ სტრიქონს. ფიქრობენ, რომ მიგელმა პირველდაწყებითი განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო, ხოლო შემდგომ შევიდა სალამანკის უნივერსიტეტში. სალამანკაში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც სავარაუდოდ იდგა სახლი, სადაც გაატარა მიგელმა სტუდენტობის წლები.
1560-1568 წლებში სერვანტესის ოჯახი მადრიდში ცხოვრობდა. 1568 წელს სერვანტესი გამოჩენილი ჰუმანისტის ხუან ლოპეს დე ოიოსის მოსწავლეა. ოიოსი სალამანკის უნივერსიტეტიდან სასახლეში მიიწვიეს და მან მიგელიც თან წაიყვანა.
1569 წლიდან სერვანტესი ესპანურ სამართალს რომში გაექცა, სადაც კარდინალ გიულიო აკვავიტას კამერდინერად მუშაობდა. 1571 წელს კი შეუერთდა ნეაპოლში სტაციონირებულ ესპანურ სამხედრო ნაწილს, რომელთან ერთადაც იმავე წელს ლეპანტოს ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. ამ ბრძოლაში სერვანტესი მძიმედ დაიჭრა და დაიზიანა მარცხენა ხელი. გამოჯანმრთელების შემდეგ ახალგაზრდა მწერალი 4 წლის განმავლობაში მსახურობდა ესპანურ ჯარში; მონაწილეობდა კორფუსა და ნავარინოს ექსპედიციებში.
1575 წ. 7 სექტემბერს სამშობლოში მიმავალი სერვანტესი ალჟირელმა მეკობრეებმა შეიპყრეს და 5 წლის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. ოჯახმა დიდი გაჭირვებით შეძლო გამოსასყიდის შეგროვება და 1580 წ. სერვანტესი წმ. სამების ორდენის დახმარებით სამშობლოში დაბრუნდა.
სერვანტესი 1616 წლის 23 აპრილს მადრიდში გარდაიცვალა.