"აქამდე არასოდეს ვმდგარვართ ასეთი მკაფიო არჩევნის წინაშე", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ სტადიონზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, პირველი ოქტომბერი ქართული სახელმწიფოებრიობისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.
"სამ დღეში საქართველო უმნიშვნელოვანეს არჩევანს აკეთებს. არჩევანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. არჩევანს, რომელიც ყველა ოჯახს შეეხება, შეეხება ყველა ქალაქსა და სოფელს. ეს არჩევანი შეეხება ყველა ბავშვს, რომელსაც უნდა თამაში და სიხარული, ყველა ახალგაზრდას, რომელიც ოცნებობს წარმატებულ მომავალზე, ყველა მშობელს, რომელსაც შვილისთვის უნდა დაცული და უსაფრთხო მომავალი და მშვიდი გარემო. ყველა ხანდაზმულ ადამიანს, რომელსაც სურს დაუფასდეს ცხოვრების ღვაწლი, არ აშინებდეს ავადმყოფობა და ტკბებოდეს შვილებისა და შვილიშვილების კარგად ყოფნით", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
"პირველი ოქტომბერი თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი სახელმწიფოსთვის, ასევე საზოგადოების თითოეული წევრისთვის. ალბათ, აქამდე არასოდეს ვმდგარვართ ასეთი მკაფიო არჩევნის წინაშე, ჩემო მეგობრებო", - განაცხადა პრეზიდენტმა.