დღეს თბილისის მერმა სამკურნალო ობიექტი დაათვალიერა. გიგი უგულავა ექიმებსა და პაციენტებს გაესაუბრა და მათგან პირადად მოისმინა, თუ რამდენად გამართულად მუშაობს დაზღვევის ახალი სისტემა და 1 სექტემბრის შემდეგ, რამდენად გაზრდილია აღნიშნულ კლინიკაში პაციენტების მომართვიანობა.
თბილისში აქტიურად მიმდინარეობს სამედიცინო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რათა მოხდეს ჯანდაცვის სფეროს განვითარება და თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით ისარგებლოს.
მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი „ქირონი" თბილისის მერიის "ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, 2011 წელს 150 000 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული თანხით სამკურნალო ობიექტში საერემონტო სამუშაოები განხორციელდა და ის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა.
კლინიკაში ზოგადი რეანიმაციული, თერაპიისა და 17 ადამიანზე გათვლილი ინტენსიური თერაპიის სტაციონარი ფუნქციონირებს. კლინიკაში პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა დიაგნოსტიკუტი გამოკვლევა ჩაიტარონ. თითოეულ პაციენტზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები ზრუნავენ. კლინიკაში 102 ადამიანია დასაქმებული.
სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, სამკურნალო ცენტრში უკვე 50 პაციენტმა მიიღო სამედიცინო მომსახურება და სტაციონარით ისარგებლა.