კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა "ჭორი" უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას ხელისუფლებაში მოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ეხმარება.
"რა თქმა უნდა ეს ჭორია, ისევ ხელისუფლების, მე ვანოზე რამდენჯერმე კომპლიმენტი ვთქვი, რომ იმ გუნდში არის უკეთესი სხვებზე, უფრო დაბალანსებულია, თუმცა ამ ბოლო დროს ვანომაც დაკარგა თავი მთლიანად და ძალიან ბევრ სისულელეს საუბრობს. არაფერ შუაში არ არის ვანო, ვანოსნაირები ჩვენს გუნდში არ არიან 20 ადგილზეც კი და მისი მსგავსები ჩვენ არ გვყავს, ჩვენ გაცილებით ჭკვიანი და ძალიან გამოცდილი კადრები მოგვყავს და თქვენ ნახავთ თუ როგორ მოემსახურებიან ისინი საქართველოს და ჩვენს სამშობლოს", _ განაცხადა "მეცხრე არხის" ეთერში მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გაცემისას ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ახლა ვანო ვაჟკაცობს და ვანომ ლაპარაკიც ისწავლა - მას უჭირდა ეს.
"ვიღაცას უსწავლებია ლაპარაკი ვანოსთვის, მაგრამ ისიც ესწავლებინა ცოტა ჭკვიანური აზრები ეთქვა, იმდენ სისულელეს საუბრობს, თურმე მხედრიონს დავაბრუნებთ, იმაზე ადრე თქვა უფრო უარესი სისულელე, ასეთი რამ ბრძანა ბატონმა ვანომ რაც ლაპარაკი ისწავლა, - თურმე ის ხალხი ვინც აწამებდნენ ციხეში, ის ჯალათები, მხარი დაგვიჭირეთ ჩვენო და თუ მხარს არ დაგვიჭერთო, მოვა კოალიციაო და ამ მწამებლებს მოიყვანს ხელისუფლებაშიო. მე არ ვიცი ახლა ვანო ისმენს თუ არა ჩვენს საუბარს, თუმცა საუბრის სწავლასთან ერთად იქნებ ისიც მოახერხოს, რომ ასეთი სისულელეები არ ილაპარაკოს და ბოლომდე ნუ გაინადგურებს საკუთარ თავს და საკუთარ სახეს", _ აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები