გოგა ხაინდრავს დაკითხვა ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში დასრულდა. ხაინდრავას განცხადებით, მან ყველა შეკითხვას პასუხი გასცა.
"დამთავრდა დაკითხვა. ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული. ამჟამად ველოდები ოფიციალურ დოკუმენტებს და ოფიციალურ პოზიციას საფრანგეთის მხარის, რადგან ოფიციალური წერილით საფრანგეთის მთავრობას მივმართე. მიმართვაში არის ძალიან კონკრეტული კითხვები ჩემი მხრიდან და ველოდები კონკრეტულ პასუხებს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ხაინდრავამ დაკითხვის დასრულების შემდეგ.
ხაინდრავა დაკითხვაზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საფრანგეთიდან მიღებული მასალის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარა. პროკურატურამ გაავრცელა კადრები, რომელიც ხაინდრავასა და ე.წ. კანონიერი ქურდების შეკრებას ასახავს. კადრები გადაღებულია საფრანგეთში. კადრებში ჩანს ხაინდრავა ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათ შორის რევაზ ლორთქიფანიძესთან ერთად. საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ინფორმაციით, ხაინდრავა ქურდებთან ერთად საქართველოში დესტაბილიზაციის დაწყების საკითხს განიხილავდა.