"ვიცით, რომ სამოთხეში არ ვცხოვრობთ, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა დაუსვას თავის თავს კითხვა - გვინდა თუ არა დაბრუნება ჯოჯოხეთში?! " - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმერეთში მოსახლეობასთან შეხვედრაზე და აღნიშნა:
"და თუ არ გვინდა, თითოეულმა ჩვენგანმა თავს უნდა დაუსვას ძალიან მარტივი კითხვა, რომელიც არის რელევანტური, როგორც არასდროს - საქართველო არის თუ არა უკეთესი ქვეყანა დღეს, ვიდრე იყო 8 წლის წინ?!" _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ საქართველო არის უკეთესი ქვეყანა, სხვა რა ალტერნატივა არის ჩვენთვის "თუ არა სიარული წინ".
"ერთ-ერთი, რაც ამ ხალხს უნდა მინდა შეგახსენოთ - 1-ელ ოქტომბერს წყდება საკითხი: ჩვენ ავაშენეთ ქუთაისში პარლამენტი, ავაშენეთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქუთაისი მიყვარს, ავაშენეთ იმიტომ, რომ აქამდე ჩვენს ბედს წყვეტდა ერთი და იგივე ასი კაცი რუსთაველზე და ჭავჭავაძეზე - ერთი და იგივე ოჯახები, სახეები, კორუფცია, ძველბიჭური ლექსიკა, ფული, მონობა, მონური მორჩილება დამპყრობლისადმი და ზიზღი საკუთარი ხალხისადმი", _ აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ მისთვის სოციალური სამართლის ყველაზე დიდი გამოხატულება იქნება ის, რომ ოქტომბრის ბოლომდე პარლამენტი ამუშავდება იქ, სადაც ხალხი ყველაზე დაჩაგრული, მიტოვებული და დაცინული იყო.