"ერთი რამე არის სრულიად ნათელი - ბოლო წლებში საქართველოში ჩვენ ავაშენეთ ნამდვილი დემოკრატია. რას ნიშნავს ნამდვილი დემოკრატია? ნამდვილი დემოკრატია ნიშნავს, რომ ხალხის ბედს წყვეტს არა ერთი და იგივე ერთი კაცი, არა ერთი ქუჩა, არამედ საქართველოს ბედს წყვეტს თითოეული თქვენგანი", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმერეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ბედი არა მთავრობის ხელში, არა პრეზიდენტის ხელში, არა უცხოელების ხელში, არამედ ქართველი ხალხის ხელშია.
"თქვენს ხელშია - ქუთაისელების ხელში, ბაღდათელების ხელში, თერჯოლელების ხელში, ზესტაფონელების ხელში, ხარაგაულელების, წყალტუბოელების, ვანელებისა და თითოეული ჩვენგანის ხელში და საქართველოს ბედს გადაწყვეტენ ჩვენი კაცები და ქალები, ის ხალხი რომელთაც ათწლეულების განმავლობაში ამცირებდნენ, ის ხალხი, ვისაც კანონიერი ქურდები ატერორებდნენ, ის ხალხი, რომლებსაც შვილების გაშვების ეშინოდათ ეზოში, ის ხალხი, რომლებიც თითს თუ გაანძრევდნენ და ბიზნესს დაიწყებდდნენ - მოდიოდნენ და ატერორებდნენ, ის ხალხი, ვინც კარგად იცოდა, რომ უმაღლესში მოწყობა ნაცნობობისა და ფულის გარეშე იყო შეუძლებელი, ის ხალხი, ვინც კარგად იცოდა, რომ უსამართლობა იყო ცხოვრების წესი და ძალადობა მარტო რომელიმე ციხის სარდაფში კი არ იყო, იყო ყოველდღიური ცხოვრების წესი - სწორედ ეს ხალხი გადაწყვეტს დღეს, გვინდა თუ არა დაბრუნება უკან", _ აცხადებს სააკაშვილი.