"თქვენი არჩევნებია და თქვენი ბედი თქვენვე უნდა გადაწყვიტოთ", _ განაცხადა ქუთაისში ადგილობრივებთან სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორგანმა.
მისი თქმით, საქართველომ ბევრ წარმატებას მიაღწია.
"ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ, რათა საბჭოთა წყობიდან ესოდენ დიდი პროგრესისთვის მიგეღწიათ. მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ხელმძღვანელობა. მესმის, რაოდენ ძნელია შეცვალო ქვეყანა. უნგრეთიც ხომ პოსტკომუნისტური ქვეყანა გახლავთ. ჩემი ცხოვრების 20 წელი ჩავდე იმაში, რომ ჩემი ქვეყანა შემეცვალა. მესმის, რომ ეს ძალიან რთულია. ცხოვრება საერთოდ რთულია და შედეგებს იოლად არ უნდა ველოდოთ. მაგრამ ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ერთი შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ადამიანს და ჩვენ მოგვივიდა ეს შეცდომა უნგრეთში. რამდენიმე წლის წინ, გადავწყვიტეთ იქნებ უკან მივბრუნებულიყავით და დავბრუნებულიყავით წარსულში, რომელიც წარუმატებელი იყო. მაგრამ თუ გინდათ პროგრესი და გჯერათ პრეზიდენტის, ასეთ შემთხვევაში წარმატებას მიაღწევთ. წარსულში დაბრუნება უდიდესი შეცდომა იქნება", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ არჩევნების ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
"არავინ არ მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენ მაგიერ. ირწმუნეთ თქვენი ხელმძღვანელობის. მე მინდა ქვეყანამ არ გადაუხვიოს კურსს, რომელიც არის ტრანსატლანტიკური ინტეგრაცია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ უნგრეთი თქვენთანაა", - განაცხადა პრემიერმა.