აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი კოალიციის ოფისში კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩს მან კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე მათი მხრიდან არ არსებობს.
"ელჩი ასევე დაინტერესდა რამდენად ვმართავთ სიტუაციას. მე მას გარანტია მივეცი, რომ კარგად ვიცნობ საქართველოს მოქალაქეებს და არ მოხდება ის ქაოსი, რითაც ხელისუფლება ამერიკელებსა და ევროპელებს აშინებს, რომ რაღაც საშინელებებს ვამზადებთ. ხელისუფლება ამ სიცრუეს ნერგავს და ავრცელებს. მე ელჩს ვუთხარი, რომ ქართველი ხალხი არის კულტურული, აქვს დიდი ტრადიციები და მაგალითად, ჩემი კახეთში 2 დღის განმავლობაში ვიზიტის შესახებ მოვუყევი. კახეთის სხვადასხვა ქალაქებში ხელისუფლება გვახვედრებდა თავის მხრდამჭერებს, ბავშვებს, რომლებიც შეხვედრების დროს ხელს გვიშლიდნენ, მაგრამ ჩვენი მხრიდან ამ პროვოკაციას არავინ აყოლია. ერთ-ერთ ქალაქში, ვინც ამ ბავშვებს კოორდინაციას უწვედა, თავად პოლიციის უფროსის შვილი იყო. მე ელჩს ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ კულტურული და კანონმორჩილი ხალხი, ამიტომ 2 ოქტომბერს არავითარი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს", - აცხადებს ივანიშვილი.