გოგა ხაინდრავა ვაკე-საბურთალოს რაიონულ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც ჟურნალისტებთან ხაინდრავამ დაკითხვის დაწყებამდე განაცხადა გამოქვეყნებული მასალები ქართული მხარის მიერაა გაყალბებული.
,,ის ვითომდა დოკუმენტი, რომელიც გაყალბებულია ქართული მხარის პროკურატურის მიერ. იქ არის მონტაჟი ფრანგული ენის არარსებული ტერმინოლოგიის გამოყენებით ", _ განაცხადა ხაინდრავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა დაინტერესებულ პირს შეხვდება.
,,შესაძლებლობა მექნება შევხვდე საფრანგეთის მთავრობისა და ჟანდარმერიის წარმომადგენლებს და ნებისმიერი უწყების წარმომადგენელს, რომელსაც შეიძლება ჩემს მიმართ რაიმე შეკითხვა ჰქონდეს", _ განაცხადა ხაინდრავამ.
შეგახსენებთ, რომ გოგა ხაინდრავა დაკითხვაზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საფრანგეთიდან მიღებული მასალის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. პროკურატურამ გაავრცელა კადრები, რომელიც ხაინდრავასა და ე.წ. კანონიერი ქურდების შეკრებას ასახავს. კადრები გადაღებულია საფრანგეთში. კადრებში ჩანს ხაინდრავა ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათ შორის რევაზ ლორთქიფანიძესთან ერთად. საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ინფორმაციით, ხაინდრავა ქურდებთან ერთად საქართველოში დესტაბილიზაციის დაწყების საკითხს განიხილავდა.