გოგა ხაინდრავა პატივისა და ღირსების დაცვას ფრანგულ სასამართლოში აპირებს. ხაინდრავა მიიჩნევს, რომ ამის შესაძლებლობა მას სწორედ ფრანგულ სასამართლოში მიეცემა. როგორც ხაინდრავამ "ამომრჩეველთა ლიგის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი საფრანგეთის სასამართლოში სარჩელს შეიტანს და როგორც ქართული, ისე ფრანგული მხარიდან განმარტებებს და მასთან დაკავშირებული მასალების გარშემო, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას მოითხოვს.
მისი თქმით, უკვე შეხვდა საფრანგეთის ელჩის მოადგილე მიშელ ბარას.
"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფრანგულ მხარეს ჩემს მიმართვაზე მყისიერი რეაგირებისათვის. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორაზროვნად მიანიშნა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომ ეს ყველაფერი შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს. ასეთი ფაქტები აქამდეც მრავლად მომხდარა და არაერთი არჩევნების წინ ამუშავებულა სააკაშვილის პროპაგანდისტული მანქანა ჩემს წინააღმდეგ", -განაცხადა ხაინდრავამ.
მომხდარს გოგა ხაინდრავა მის ახალ ფილმს, "დემოკრატიის შუქურას" უკავშირებს.
როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, მან თავის ახალ ნამუშევარში დეტალურად ასახა ის დანაშაულებრივი ქმედებები, რაც ჩადენილი აქვს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. მისივე თქმით, აღნიშნული ფილმი იხილეს როგორც ევროპის რამდენიმე დედაქალაქში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
"ტერორისტულმა ხელისუფლებამ შეტევა დაიწყო ჩემს წინააღმდეგ, ამ დანაშაულებრივმა რეჟიმმა ფაბრიკაცია გაავრცელა და შელახეს ჩემი პატივი და ღირსება. ვითარება ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ერთი მოქალაქის შევიწროება. ეს არის სახელმწიფო დანაშაული",- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
გოგა ხაინდრავამ თავი შეიკავა დაესახელებინა ვინაობა იმ ადვოკატისა, ვინც მის უფლებებს დაიცავს საფრანგეთში.