შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ ჩალაუბანში, „ქართული ოცნების" საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო კოალიციის წევრი ილია სულიაშვილი დააკავეს. დაკავებულის ოჯახის წევრებისთვის ილია სულიაშვილის ადგილსამყოფელი უცნობია.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნებიდან" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა განუცხადა, მისი პლაკატების გაკვრის გამო პოლიციამ ბოლო დღეებში უკვე რამდენიმე აქტივისტი დააკავა. ყველა მათგანს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა სხვადასხვა დროით.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ „ქართული ოცნების" პროგრამა „კარდაკარის" რეგისტრატორი ილია სულიაშვილი 1-ელ ივლისსაც დააკავა. ის წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში დაადანაშაულეს და სასამართლომ 35 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ილია სულიაშვილს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა. მას პოლიციაში სოფელ ჩალაუბანში მცხოვრებმა გიორგი და ლალი ფრიდონაშვილებმა უჩივლეს. მათი თქმით, სულიაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენათ. თავად სულიაშვილი კი აცხადებდა, რომ თავს სამი უცნობი პირი დაესხა და „ქართული ოცნებასთან" თანამშრომლობის გამო ცემეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გიორგი და ლალი ფრიდონაშვილები კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის ნათესავები არიან. ჩალაუბნიდან არის კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი. ილია სულიაშვილს პატიმრობის ვადა 5 აგვისტოს დაუმთავრა. პატიმრობის პერიოდში ნერვიულობის ნიადაგზე მას მამა გარდაეცვალა. ილია სულიაშვილი დაკრძალვაზე ბორკილდადებული რამდენიმე წუთით მიიყვანეს.