ხვალ, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, 16:00 საათზე, სპორტის სასახლიდან მეტეხის ხიდისკენ, 100 000 მოწამის წამების ადგილისკენ, სასულიერო პირებისა და მრევლის მონაწილეობით, მსვლელობა მოეწყობა. ამ ფორმით მონაწილეები თანადგომას გამოუცხადებენ პატიმრებს და მათ ოჯახებს და დაგმობენ ძალადობას პატიმრებზე. ასევე, მიმართავენ ხელისუფლებას, რომ მსგავსი რამ საპატიმროებში აღარ განხორციელდეს.
ხვალვე, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით და შექმნილი რთული სიტუაციის გამო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, იგეგმება თბილისის კურთხევა. ლოცვით, ნაკურთხი წლის სხურებითა და ჯვარ-ხატებით მსვლელობა სასულიერო პირების მონაწილებით დაიწყება ოთხი მიმართულებიდან: ვაკიდან (საბურთალოს პანთეონი, ამაღლების ტაძრიდან), ვაჟა-ფშაველადან (წმინდა ბარბარეს ტაძრიდან), კინოთეატრ "საქართველოდან" (წმინდა ბარბარეს ტაძრიდან) და ასევე წმინდა ბარბარეს სახელობის (ქვედა) ეკლესიიდან (ქინძმარაულის ქ.).
სამი მხრიდან (ვაკე, საბურთალო, დიდუბე) შეკრების ადგილი არის გმირთა მოედანი, სადაც ხალხი თავს მოიყრის 16:00 საათზე და შემდეგ გაემართება მეტეხის ხიდისკენ, - ასი ათასი ქართველის წამების ადგილზე. იქ 18:00 საათზე მსვლელობას შეუერთდება მეოთხე ნაკადი და შესრულდება საზეიმო პარაკლისი.
დედაქალაქის კურთხევაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია.