საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2012 წლის 26 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5.75 პროცენტს შეადგენს.
აგვისტოში დაბალი იყო ინფლაციისა და საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები. წლიურმა ინფლაციამ -0.4% შეადგინა. არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ შემდგომ პერიოდში ინფლაცია დაიწყებს ზომიერ ზრდას და მისი მაჩვენებელი მიზნობრივ დონეს მომავალი წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება.
მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 8.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები მიუთითებს, რომ წლის განმავლობაში მშპ-ს პოტენციური დონიდან გადახრა ნულთან ახლოს არის.
ბოლო ორი თვის განმავლობაში სესხების ზრდის ტემპის გარკვეული შენელება ფიქსირდება, რაც წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელი მოთხოვნის შემცირებით არის გამოწვეული. საბანკო სექტორში არსებული მაღალი ლიკვიდობის გათვალისწინებით მომდევნო თვეების განმავლობაში მოსალოდნელია ბანკების მხრიდან საკრედიტო აქტივობის ზრდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ დონეზეა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან გადახრა არ არის მნიშვნელოვანი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მონეტარული პოლიტიკის შემდეგი სხდომა 2012 წლის 24 ოქტომბერს გაიმართება.