უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, მკაფიო გზავნილი მისცენ თავის აქტივისტებსა და მომხრეებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიგა ბოკერიამ განაცხადა, პოლიტიკური მრწამსისა და ოპონენტების მიმართ ნეგატიური შეხედულებების მიუხედავად, კატეგორიულად დაუშვებელია ძალადობა და მისი წახალისება.
"მშვიდობის შენარჩუნებასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ ძირითად პოლიტიკურ პარტიებსაც აქვთ საკუთარი წილი სერიოზული პასუხისმგებლობა, რა ტიპის გადაწყვეტილებების წახალისებას მოახდენენ მომხრეებში. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც საუბარია ერთი მხრივ, სიმშვიდეზე და იქვე აღინიშნება, რომ შეიძლება მათთვის მიუღებელი ხალხი ლინჩის წესით იყოს გასამართლებული და მათი დაცვა ვერ მოხერხდეს. მიუღებელია საუბარი იმაზეც, რომ პარტიების მომხრეები პასუხს აგებენ სამართლებრივად ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ მომხრეების მისამართით ამგვარმა მოწოდებებმა შესაძლოა ვითარება გაართულოს.