გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. მათი განცხადებით, უკანსაკნელ დღეებში მთელმა საქართველომ იხილა კადრები, რომლებმაც ცხადყო ერთ კონკრეტულ სისტემაში საზარელი დანაშაულებრივი ფაქტების არსებობა.
"სახელმწიფო სისტემის ამა თუ იმ სეგმენტში არსებული უკანონობის აღკვეთის ერთ-ერთ ქმედით ფორმას საზოგადოების მკვეთრი და მკაფიო პოზიცია წარმოადგენს. ასეთ ვითარებაში სამართლიანი პროტესტის გამოხატვის ვალდებულება ყველა მოქალაქეს აქვს, დასაქმების ადგილისა თუ პარტიული კუთვნილების მიუხედავად. არაერთი წელი უმაღლესი სასწავლებლებისთვის სტუდენტთა შერჩევას ვემსახურებოდით - უშუალო შეხება გვქონდა იმ ახალგაზრდებთან, რომლებმაც შეძლეს და მთელი ქვეყნის, მსოფლიოს გასაგონად გამოხატეს პროტესტი. დღეს, გარდა სურვილისა, პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ, მხრდაჭერა გამოვუცხადოთ სტუდენტთა გამბედავ და მთელი ერისთვის სანიმუშო საქციელს", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ უერთდებიან პროტესტს.
"მივმართავთ კერძო თუ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, სოლიდარობა გამოუცხადონ სტუდენტთა საპროტესტო მოძრაობას, მათ კანონიერ და სამართლიან მოთხოვნებს", - აღნიშნავენ ისინი.