"სტუდენტობამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას სადავეები ხელიდან. ის მუდამ უნდა იყოს ავანგარდში და უნდა გააკონტროლოს ყველა შემდგომი ხელისუფლება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სტუდენტთა აქციაზე მყოფმა თსუ-ის ლექტორმა გელა ბანძელაძემ, რომელიც "ლაბორატორია 1918"-ის წევრია.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ძალადობას მოეღოს ბოლო ქვეყანაში. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ საკმარისი არ არის ცალკეული პირების დასჯა ან თანამდებობიდან გადაყენება, არამედ აუცილებელია სისტემის ფუნდამენტური რეორგანიზაცია. ჩვენი მთავარი ლოზუნგია - "სისტემა უნდა დაინგრეს", ვინაიდან ამ სისტემის თვისებაა ძალადობა", - განაცხადა მან.
ბანძელაძის განცხადებით, სტუდენტები იბრძვიან სწორედ ამ სისტემის აღსასრულისთვის და სამართლიანობის დამყარებისთვის.
"რაც შეეხება ბრძოლის შემდგომ გეგმებს, ამ ეტაპზე ამოცანა გვაქვს, რაც შეიძლება მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე. დღევანდელი აქციის მთავარი მესიჯი იყო - ხელისუფლებამ არ დაუშვას არჩევნების გაყალბება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები და ეს იყოს პირველი პრეცენდენტი იმისა, რომ ქართველი ხალხი სამართლიანად წყვეტს თავის მომავალს, ამბობს უარს ძალადობაზე და იწყებს ნორმალურ ცხოვრებას", - განაცხადა მან და დასძინა: "დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქი აპირებს სტუდენტებს სიტყვით მოგვმართოს, ამიტომ ჯერ არანაერ ღონისძიებას არ ვგეგმავთ, დაველოდებით განცხადებას და შემდეგ აუცილებლად, გავაცნობთ სტუდენტებს ჩვენს შემდგომ გეგმებს".
მისი განცხადებით, ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მუდამ.
"ჩვენ არ დავკმაყოფილდებით ამ არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებით. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებით, მაგრამ სტუდენტობამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას სადავეები ხელიდან, ის მუდამ უნდა იყოს ავანგარდში და მუდამ უნდა გააკონტროლოს ყველა შემდგომი ხელისუფლება, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს საქართველოში", - განაცხადა მან.