თელავის რაიონულმა სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების" წევრი, 29 წლის დომენტი ზუროშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 60 დღით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების" თელავის შტაბში განუცხადეს, სამართალდამცავებმა ზუროშვილი იმიტომ დააკავეს, რომ ნასამხრალში „ქართული ოცნების" სააგიტაციო პლაკატები გააკრა.
„24 სექტემბერს, დომენტი ზუროშვილი „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პლაკატებს აკრავდა სოფელში. გუშინ, მეგობრებთან ერთად სოფლის ცენტრში იჯდა, უცბად მივიდნენ უბნის რწმუნებული გრემელაშვილი და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, სტაცეს ხელი და წაიყვანეს. ზუროშვილი ეკითხებოდა რის გამო აკავებდნენ, მაგრამ მათ არაფერი განუმარტეს. ადვოკატი გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეძებდა სადაც შეიძლებოდა, მაგრამ ყველგან აცხადებდნენ, რომ მათთან არ იყო შეყვანილი, ამასობაში ფარულად სასამართლო პროცესიც გაუმართავთ ისე, რომ ადვოკატი არ დასწრებია და 60 დღით პატიმრობა შეუფარდეს," - აღნიშნეს „ქართული ოცნების" შტაბში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის იურისტის მარეხ მგალობლიშვილის თქმით, ზუროშვილს ბრალი ნარკოტიკების მოხმარების და წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს.
„ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 41-ე და 173-ე მუხლით წაუყენეს. პირველი ნარკოტიკების მოხმარებას გულისხმობს, მეორე კი წინააღმდეგობის გაწევას. 60 დღე შეუფარდეს, მაგრამ გასაჩივრებას ვაპირებთ. სააპელაციო სასამართლოში საჩივარს ხვალ შევიტანთ," - განუცხადა მარეხ მგალობლიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
პატიმარი თელავის იზოლატორშია მოთავსებული.