ოზურგეთის თეატრის რეაბილიტაცია იწყება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ოზურგეთს სტუმრობს და ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს თეატრის შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაციას წარუდგენს.
აღსანიშნავია, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტია თეატრის შენობას არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაო არ ჩასტარებია და არ განახლებულა ინვენტარი. დაგეგმილია თეატრის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია: გარეფასადის რეკონსტრუქცია, ინტერიერის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია; ინვენტარისა და დეკორაციების განახლება. ასევე, განახლდება საგრიმიორო და სხვა დამხმარე უბნები. მსახიობებისთვის შეიქმნება უფრო კომფორტული სამუშაო პირობები და ესთეტიკური გარემო.
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ძველი ბერძნული ტიპის ნაგებობაა. ზომების მიხედვით, საქართველოს ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასშტაბურია ფილარმონიის შემდეგ, მისი მშენებლობა 1933 წელს დაიწყო და 1962წელს დასრულდა (არქიტექტორი კ. ჩხეიძე, მოქანდაკეები ც.თოფურიძე, ჯაფარიძე, ჭერის მხატვრობა ა. ქუთათელაძე). რაც შეეხება შიდა სივრცეს, კონკრეტულად ცენტრალურ დარბაზს, იგი სრულად იტევს 1200 მაყურებელს. თეატრის დასი ამჟამად 42 ადამიანისგან შედგება.
2005 წელს კულტურის სამინისტროსა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის მიერ თეატრი აღიარებულ იქნა, როგორც საუკეთესო რეგიონული თეატრი