ხვალ, 27 სექტემბერს, ქუთაისის დავით აღმაშენებლოს საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის მიმართულებით, პირველ სამგზავრო რეისს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი შესრულდება.
ავიარესიები კიევის საბაზო აეროპორტიდან (ჟულიანი) კვირაში სამჯერ განხორცელდება. როგორც ცნობილია, კიევი-ქუთაისის რეისსზე ბილეთების ღირებულება 22 ევროდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ Wizz Air-მა თბილისი-კიევის მიმართულებით რეისების შესრულების ნებართვა 2008 წელს მიიღო, თუმცა რეისების განხორციელება არ დაუწყია.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ გარდა Wizz Air-ისა, 2012 წლის ბოლოდან ქუთაისიდან ფრენებს განახორციეებენ "ბელავია" და "სიბირი".
შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკი გახსნა. სააკაშვილი თავად მართავდა "სესნას" ტიპის თვითმფრინავს, რომელიც ახლად გახსნილ ასაფრენ ზოლზედაც თავად დასვა. სააკაშვილმა შეკრებილ საზოგადოებასაც მიმართა და ყურადღება ამ აეროპორტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, მთავარია, რომ ამ აეროპორტით სარგებლობა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი. პრეზიდენტმა პროექტის ორგანიზატორებსა და აქ მომუშავე ადამიანებს დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
"ქუთაისის აეროპორტის უპირატესობა არის ის, რომ აქ თვითმფრინავი ნებისმიერი მხრიდან შეიძლება დაჯდეს. მაგალითად, ბათუმში ქარის პირობებში ამას ვერ შევძლებდით, რადგან მხოლოდ ერთ მხარესაა დაჯდომის შესაძლებლობა - მეორე მხარეს მთებია. თანაც ქუთაისში თითქმის არასდროს არ არის ნისლი. თბილისის და ბათუმის აეროპორტები კლიმატური პირობების გამო რომ დაიკეტოს, ეს აეროპორტი მთელი წელი იმუშავებს. ამიტომაც აქვს ქუთაისის აეროპორტს უფრო დიდი მნიშვნელობა, ვიდრე უბრალოდ რეგიონის მომსახურება. მომავალში ამას ფოთისა და მერიას აეროპორტებიც დაემატება. ეს არა მხოლოდ ქუთაისის აეროპორტია, არამედ სამტრედიის, ბაღდათის, წყალტუბოს, ხონის, ვანის... ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ, მთელ რეგიონს მოიცავს და, რა თქმა უნდა, ეს არის ასევე მესტიის აეროპორტიც, რადგან მომავალში მესტია-ქუთაისის დამაკავშირებელი გვირაბი გვექნება. ამას გარდა, ეს ადგილი შეუერთდება თბილისის ავტობანს, რომელიც აქედან ორ კილომეტრში გაივლის. ერთი მხრივ, აქ არის ეს აეროპორტი, ხოლო, მეორე მხრივ, თბილისის ავტობანი, რომელიც, პრაქტიკულად, დამამთავრებელ ეტაპზეა. ეს მთლიანად ცვლის ამ რეგიონის ეკონომიკურ გეოგრაფიას, მანძილებს და სრულიად განსხვავებულ პერსპექტივას უქმნის ამ ადგილს", - აღნიშნა სააკაშვილმა.
ამჟამად მშენებლობაზე 400 ადამიანია დასაქმებული, ხოლო აეროპორტის სრულად ამოქმედების შემდეგ, აქ 200 კაცი მუდმივად დასაქმდება.
ქუთაისის ახალი აეროპორტის საფრენ ბილიკზე მსოფლიო კლასის პირველი ბოინგი უკვე დაეშვა. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საერთო სიგრძე 2600 მეტრია და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. ქუთაისის განახლებული აეროპორტი სექტემბრის დამლევს გაიხსნება და შეასრულებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო რეისებს.
ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტია დაბალტარიფებიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტული გარემოს შექმნა, როგორც ავიაკომპანიებს, ისე აეროპორტებს შორის. ქუთაისის აეროპორტი იქნება ყველაზე დაბალი ტარიფების და მაღალი სტანდარტების სერვისის მქონე აეროპორტი მთელ ამიერ კავკასიაში. ის აღიჭურვება უმაღლესი ხარისხის თანამედროვე სანავიგაციო და მეტეოსისტემებით.