"ხელისუფლების ყველა ინფორმაციას ხალხი უკვე აფურთხებს", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა შსს-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების კომენტირებისას.
მისი განცხადებით, ხელისუფლება სავსეა კრიმინალური ავტორიტეტებით.
"ტექნიკური შეცდომა ჰქვია იმას, რომ კრიმინალურ ავტორიტეტად აცხადებენ კაცს, რომელიც მეტყველებს, როგორც კრიმინალური ავტორიტეტი და შემდეგ ირკვევა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. "ნაციონალური მოძრაობა" სავსეა კრიმინალური ავტორიტეტებით, მკვლელებით: კულტურის მინისტრი ჰყავთ მკვლელი, ბაჩო ახალაია ჰყავდათ მკვლელი და მანიაკი, სასჯელაღსრულების მინისტრი ჰყავდათ მკვლელი და ავადმყოფი. ქალბატონი, რომელსაც პატრიარქი ეხვეწებოდა, არ ეწამებინა ხალხი და მაინც აწამებდა. ვისზე საუბრობენ, როცა კრიმინალური ავტორიტეტების ხელისუფლებაა", _ განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისი განცხადებით, გაუგებარია რას ედავება შსს კახა კალაძეს.
"კალაძესთან დაკავშირებით, ვერ გავიგე, საერთოდ რას ედავებიან. შსს-ის ჩანაწერში საერთოდ ვერ მოვისმინეთ კალაძის საუბარი. რას ედავებიან ამ კაცს?! ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი სპორტსმენი იყო. ამით რას მიაღწევს ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ მათ ყველა ინფორმაციას ხალხი უკვე აფურთხებს", _ განაცხადა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ მორიგ ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი პოლიტიკოსებისა და ე.წ. "კანონიერი" ქურდების" საუბარს ეხება. როგორც შსს-ში განმარტავენ, სამართალდამცავებმა 23 სექტემბერს თბილისში "კანონიერი ქურდი" დავით ხიზანიშვილი დააკავეს, რომელიც ლაშა შუშანაშვილის დავალებით მოქმედებდა და მის მიზანს წარმოადგენდა დანაშაულებრივი დაჯგუფების მეშვეობით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. შსს მეორე ჩანაწერსაც აქვეყნებს, სადაც "ქართული ოცნების" სიის პირველ ნომერს კახი კალაძე ფიგურირებს. სამინისტროს ინფორმაციით, არსებული ჩანაწერებით დგინდება კალაძის ახლო კავშირები უცხოეთში მყოფ 8 ქართველ კანონიერ ქურდთან. მესამე ჩანაწერში, კი რომელიც დღეს შსს-მ გამოაქვეყნა, "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე ფიგურირებს, რომელიც ედუარდ შევარდნაძის დროინდელ უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას ესაუბრება. სანიკიძე ხაბურძანიას ერთ-ერთი "კანონიერი ქურდის" ციხიდან გამოშვებას სთხოვს და სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას სთავაზობს.